პროკურატურამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა - Palitra News

პროკურატურამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

2024-02-11 12:04:42+04:00

საქართველოს პროკურატურამ რუსთავში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოთხი პირის განზრახ მკვლელობის და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსთავში მდებარე ე.წ. „სტამბულის ბაზრის“ ტერიტორიაზე ბრალდებულმა, რომელიც ძმის მიერ დაუდევრად შენახულ იარაღს დაეუფლა, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლის შედეგად ხუთ პირს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ოთხი პირი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი პირის გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა. სამართალდამცველებმა ორივე პირი 9 თებერვალს დააკავეს.