ახლად დანიშნული პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ბაღდათში ჩავიდნენ. სტიქიიდან მე-4 დღეს ისინი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრებენ. ბაღდათში სტიქიის ზონაში გარდაცვლილ ორ ადამიანს დღეს დაკრძალავენ. ადგილზე გარდაცვლილის ახლობლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იკრიბებიან. პარალელურად გრძელდება სამუშაოები სტიქიის ზონაში. მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. რაც შეეხება სტიქიის ზონიდან გაყვანილ ოჯახებს, გეოლოგების დასკვნის მიხედვით გახდება ცნობილი სახლებში დაბრუნდებიან, თუ მათი გასახლება მოხდება. სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე ჩამოწვა. მეწყერმა მოიყოლა 4 სახლი, სადაც ჯამში 10 ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, რომელიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება. 9 პირი კი სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა. მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.