აშშ-ის სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტის განხილვას მხარი დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
The Hill-ის ცნობით, 95,3 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი უკრაინის, ისრაელის და ტაივანის დაფინანსებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის განხილვას მხარი 64-მა სენატორმა, მათ შორის, 14-მა „რესპუბლიკელმა“ დაუჭირა.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კანონპროექტიდან აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების ნაწილი მას შემდეგ ამოიღო, რაც კანონპროექტი „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა დაბლოკეს.
კანონპროექტი უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარს, ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარს, ღაზის, უკრაინისა და დასავლეთ სანაპიროს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 9 მილიარდ დოლარს და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების მხარდასაჭერად 4,8 მილიარდ დოლარს მოიცავს.