„ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, რომ „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ის საარჩევნო კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების პლატფორმის“ წარმომადგენლის სახელით ერთვება და აპირებს, სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „გამარჯვების კოალიციას“ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს.
„მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი ადამიანი, ვინც უდიდეს და მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვებისა და ივანიშვილის დამარცხებაში. პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია გააერთიანოს საზოგადოება, რაც ერთხელ უკვე გაუკეთებია. პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ არა თუ სწრაფვაში, არამედ სწრაფად გაწევრიანებაში და ეს მას გაუკეთებია. ყველას კარგად მოეხსენება მისი შესაძლებლობების შესახებ ივანიშვილისა და მისი გუნდისგან განსხვავებით. ცხადია „ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, რომ გამარჯვების კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ ჩართული იყოს ყოველდღიურ საქმიანობაში და ფაქტობრივად, ეს ამ დროის განმავლობაში ასეც არის. რა შესაძლებლობაც გვაქვს, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილი ყოფს და აპირისპირებს საზოგადოებას, ჩვენ უნდა დავასრულოთ გათითოკაცება, გაჭირვება და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც საქართველოში სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა და ასევე ქვეყნის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება შეუძლია.
"1 213 539 ადამიანი არის ოფიციალური მონაცემით, ვინც ითხოვს სოციალურ დახმარებას საქართველოში და სოციალური მიმართულებით, ვისაც ეკონომიკური დოვლათის შექმნას შეუძლია, ივანიშვილს უსამართლოდ ციხეში ჰყავს გამოკეტილი, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს. 1 213 539 ადამიანიდან შემწეობას იღებს მხოლოდ 439 000 ადამიანი და 700 000 ადამიანი ელოდება სოციალურ დახმარებას. უკიდურესად უჭირს ჩვენს მოქალაქეებს. ასევე, ოფიციალური სტატისტიკით 299 000 ადამიანი სამ წელიწადში გავიდა საქართველოდან ემიგრაციაში იმისთვის, რომ საკუთარი შვილები გამოკვებონ, ხოლო ვისაც შეუძლია საქართველოში ინვესტიციების შემოტანა და ეს შეუძლია მიხეილ სააკაშვილს, ეს ადამიანი ჰყავთ უსამართლოდ ციხეში გამოკეტილი და ამას აკეთებს ივანიშვილი. 300 000 ადამიანს ქონება აქვს დალომბარდებული საქართველოში, უკანასკნელი მონაცემებით ეს იყო 2020 წელს, ანუ ფაქტობრივად ყოველ მეექვსე, მეშვიდე ადამიანს დალომბარდებული აქვს ქონება. 1 600 000 ადამიანს აქვს სესხი ბანკებში კაბალურ პირობებში, 10 000 ლარზე იხდიან 18 000 ლარს, 5 000 ლარზე იხდიან 9000 ლარს, ფაქტობრივად ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე სესხს იღებენ და ამ ქვეყანაში ვისაც შეუძლია სამუშო ადგილების შექმნა და ინვესტიციების მოზიდვა ეს ადამიანი უსამართლოდ არის ციხეში“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.