სლოვაკეთში დეპუტატებმა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს და სერიოზულ დანაშაულებებსა და კორუფციის საქმეებზე მომუშავე სპეციალური პროკურატურის გაუქმებას მხარი დაუჭირეს. ცვლილებას პარლამენტის 150 წევრიდან მხარი 78-მა დაუჭირა. მმართველმა კოალიციამ ცვლილებები სწრაფი საპარლამენტო პროცედურის გამოყენებით შეიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონპროექტს ექსპერტები და პროცესში ჩართული სხვა პარტიები არ განიხილავენ. კანონპროექტი კორუფციულ და სხვა დანაშაულებებზე სასჯელის შემსუბუქებასაც გულისხმობს. ქვეყნის პრეზიდენტის, ზუზანა ჩაპუტოვას განცხადებით, ეს რეფორმა კანონის უზენაესობას საფრთხეში აგდებს. ევროპელი პროკურორები კი ამბობენ, რომ სლოვაკეთის გეგმებმა, შესაძლოა, ევროკავშირის ფინანსური ინტერესი და ანტიკორუფციული სისტემა დააზიანოს. შეგახსენებთ, რომ ცვლილებასთან დაკავშირებით, საპროტესტო აქციები სლოვაკეთის 30-ზე მეტ ქალაქში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.