უკრაინაზე ოკუპანტების თავდასხმები გრძელდება. რუსებმა 13 სარაკეტო და 66 საჰაერო იერიში წამოიწყეს, ხოლო ზალპური სისტემებიდან 96-ჯერ გაისროლეს. გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ფრონტზე 65-ი საბრძოლო შეტაკება მოხდა. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზეა. ოკუპანტებმა ხარკოვის რეგიონში „შაჰედის“ ტიპის დრონები გამოიყენეს. შემთხვევის შედეგად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ცეცხლი გაუჩნდა, ასევე ერთი ადამიანი დაშავდა. საჰაერო ძალების ცნობით, ღამის განმავლობაში ნიკოლაევის, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში რუსული მხარის მიერ გაშვებული 16 დრონიდან უკრაინელებმა 10-ის განადგურება მოახერხეს.