სხვანაირად დავსვათ საკითხი - რატომ არის საქართველო ერთადერთი, უნიკალური და გამონაკლისი, როდესაც ვენეციის კომისია გვთავაზობს ისეთ წესს, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ არის -ვენეციის კომისიაში იმიტომ გაგზავნეთ, რომ მოელოდით, ასე ვთქვათ, თქვენთვის სასარგებლო პასუხს. თქვენთვის სასარგებლო პასუხი ვერ მიიღეთ და ვენეციის კომისიას დასცინით,- ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ უმრავლესობას პარლამენტში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც დეპუტატები „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
მან, ასევე, უმრავლესობის წევრებს ჰკითხა, გააგზავნიან თუ არა ისინი ამიერიდან ვენეციის კომისიაში რაიმეს.
„თქვენ საუბრობდით, რომ სამართლებრივი არგუმენტები მოიყვანეთო და რომელი სამართლებრივი არგუმენტია ის, რომ თურმე თქვენ ვენეციის კომისიას დაუსვით ასეთი შეკითხვა - გვითხარით ევროპის რომელ ქვეყანაში არსებობს ცესკო-ს ფორმირების ასეთი წესი? და გვიპასუხეთ, რომ ევროპის არცერთ სახელმწიფოში, ასეთი რამ არ არსებობსო. თქვენ გგონიათ, რომ ძალიან ჭკვიანური არგუმენტი მოიყვანეთ? სხვანაირად დავსვათ საკითხი - რატომ არის საქართველო ერთადერთი, უნიკალური და გამონაკლისი, როდესაც ვენეციის კომისია გვთავაზობს ისეთ წესს, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ არის? - იმიტომ, გვთავაზობს, რომ არც ერთ ქვეყანაში ევროპის სახელმწიფოში ერთი კაცი არ მართავს ქვეყანას და რეკომენდაციები მორგებულია სწორედ ერთმმართველობაზე და ოლიგარქიული მმართველობის ნაწილობრივ განეიტრალებაზე და ოდნავი ბალანსის შექმნაზე. ახლა გეკითხებით - ვენეციის კომისიაში იმიტომ გაგზავნეთ, რომ მოელოდით, ასე ვთქვათ, თქვენთვის სასარგებლო პასუხს. თქვენთვის სასარგებლო პასუხი ვერ მიიღეთ და ვენეციის კომისიას დასცინით. ბოლოსდაბოლოს ვენეციის კომისიაში ამიერიდან რაიმეს გააგზავნით თუ არა და რა აზრი აქვს ვენეციის კომისიასთან ურთიერთობას თუ თქვენთვის სასურველი პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, კვლავ აი, ამ დემაგოგიური არგუმენტებით დაიწყებთ მტკიცებას?- განაცხადა რომან გოცირიძემ.