“საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა დაცლილია ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტაციისგან - მასში არაფერი წერია, გარდა იმისა, რომ დავუბრუნდეთ მოდელს, რომელიც ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს 6-თვიან რეჟიმში აგვარჩევინებს, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებები მეორე მოსმენით წარადგინა.
როგორც მიქანაძემ განმარტა, ცესკოს დაკომპლექტების წესში განხორციელებულმა ცვლილებებმა შედეგად მოიტანა მხოლოდ ის, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა 6-თვიანი ვადით ხდება. მისივე თქმით, “6-თვიანი მოდელი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დამოუკიდებლობას ვერ უზრუნველყოფს“.
“ჩვენ დავსვით მარტივი კითხვა, რომელ ქვეყანაში გინახავთ მოდელი, რომლის მიღებასაც გვთავაზობენ და რომლის გათვალისწინებით ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს ფაქტობრივად 6 თვით ვირჩევთ. 6 თვით დანიშნული ადამიანები რამდენად უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობის პრინციპს, ვიდრე 5 წლის ვადით არჩეულები? პასუხი იყო ცალსახა, რომ არ არსებობს მსგავსი მოდელი.
არც ერთი არგუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი, თუ რატომ უნდა დაინერგოს ჩვენთან ასეთი მოდელი. ორწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებულმა მოდელმა ვერ გაამართლა“, - განაცხადა მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მმართველი უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.
კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პროექტით, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება.
კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა. კერძოდ, ცვლილებებით, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში, სიაში შემავალ პირთაგან, 5 წლის ვადით კანდიდატები დანიშნოს.
ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.
გარდა ამისა, ამავე ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც პირი ცესკოს პარტიულ წევრთაგან ინიშნება და რომელიც საკუთრივ ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.