2023 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 737.3 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც 7.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გასვლების უდიდესი ნაწილი, 47.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 607.5 ათასი შეადგინა, რაც 12.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
„საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 374.4 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 28.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 49.2 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 45.9 პროცენტს შეადგენდა.
2023 წლის IV კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (37.6 პროცენტი) საყიდლების მიზნით განხორციელდა.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 258.7 ათასი და 98.5 ათასი ვიზიტი.
2023 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.6 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის IV კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.0 ღამე) 10.0 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 97.7 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2023 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 557.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით 6.8 პროცენტით შემცირდა და 918.3 ლარი შეადგინა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.