პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ - ასეთი შედეგით მინისტრთა კაბინეტი დამტკიცდა, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო - თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა. ირაკლი კობახიძისა და მისი სამთავრობო გუნდის მოსმენა პარლამენტში თითქმის 12 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კობახიძემ ქვეყანაში არსებული ტენდენციებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა. მისი მხრიდან ყურადღება იმ რამდენიმე მთავარ აქცენტზეც გამახვილდა, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა ჰქონდეს. ოპოზიცია აღნიშნულ სხდომას თითქმის მთლიანი შემადგენლობით ესწრებოდა, თუმცა მათ დიდ ნაწილს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ კობახიძის მიერ წარმოდგენილი გეგმა სუსტია და ის საზოგადოებას კონკრეტული პრობლემებისან გამოსავალს ვერ სთავაზობს.