ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალია და შეუძლია გადაწყვიტოს, ვინ იქნება სამხედრო ხელმძღვანელობაში, - ასე გამოეხმაურა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შეცვლასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერთან, ვინც უხელმძღვანელებს უკრაინის არმიას. გავაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან", - აღნიშნა კირბიმ.
ამასთან, ის არ ეთანხმება განცხადებას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შეცვლა უკრაინაში სიტუაციის „არასტაბილურობაზე“ მიანიშნებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ცვლილებას პენტაგონიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ზალუჟნის გადადგომა გავლენას არ მოახდენს უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე.
”უკრაინის პრეზიდენტს აქვს უფლება აირჩიოს ვინ უხელმძღვანელებს უკრაინის არმიას და უკრაინას, რუსეთისგან განსხვავებით, აქვს დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლი სამხედროებზე,” - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, სელესტ ვალანდერმა.
შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ახალ მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი დაინიშნა.