გამოჩნდა, რომ ოპოზიცია კარგად ხვდება თუ ვისთან აქვს დღეს საქმე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.
შესაბამისი განცხადებით თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის 2 - დღიანი მოხსენება შეაფასა.
როგორც მან განაცხადა, ქართული საზოგადოება არ მიიღებს იმ პოლიტიკურ პარტიას უკან ხელისუფლებაში, რომელმაც უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები , ხალხს საკუთრება ჩამოართვა, დაარბია მედია და საქართველოში დაასამარა ევროპული ღირებულებები.
„ოპოზიციის ტონალობიდან და მათი ქცევიდან გამომდინარე ამ 2 დღის განმავლობაში ცხადია უკვე, რომ საქართველოში საპარლამენტო დემოკრატია და საპარლამენტო პოლიტიკა მუშაობს, ამის მომსწრე ვართ დღეს ჩვენ და ამ რეფორმების სათავეში იდგა , სწორედ ირაკლი კობახიძე . გამოჩნდა, რომ ოპოზიცია კარგად ხვდება თუ ვისთან აქვს დღეს საქმე - პოლიტიკურ ლიდერთან, რომელმაც კარგად იცის შიდა საპარლამენტო პოლიტიკა და კარგად იცის პოლიტიკური პროცესები ოპოზიციაში. სწორედ, ამიტომ და ერთ-ერთი მიზეზი ეს გახლავთ , რომ მათ შეიცვალეს ტონი და დამოკიდებულება. თუმცა, გარკვეული მიზეზები, კიდევ არსებობს, რასაც საზოგადოებას აუცილებლად ვეტყვით - ეს არის „ნაციონალური“ ბანაკის სრული დაცემა და კრახი, სადაც მისმა ლობისტებმა და პატრონებმა დაინახეს რეალობა, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობდით.
ქართული საზოგადოება არ მიიღებს იმ პოლიტიკურ პარტიას უკან ხელისუფლებაში, რომელმაც უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, ხალხს საკუთრება ჩამოართვა, დაარბია მედია და საქართველოში დაასამარა ევროპული ღირებულებები. ამიტომ ჩვენს თვალწინ ხდება ახალი პოლიტიკური ბანაკის ჩამოყალიბება, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრე გენეტიკური კოდით, მაგრამ მას ევალება გაემიჯნოს „ნაციონალური მოძრაობას“, ამავე დროს დაამტკიცოს, რომ ის არის „ნაციონალური მოძრაობაზე“ უფრო „ნაციონალური მოძრაობა“. ამით არის განპირობებული, რომ ერთის მხრივ, „ლელოს“ ბანაკი მეორეს მხრივ, „გირჩის“ და ხოშტარიას ბანაკი არის დაკავებული იგივე რადიკალიზმით, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟით და პროცესების დესტაბილიზაციით , როგორც ამას „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა“,- განაცხადა თალაკვაძემ.
პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მან ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციისთვის „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შეთავაზებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შეთავაზება არის წარსულში უკან გადადგმული ნაბიჯი და კიდევ უფრო მეტ გაუგებრობაში და პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანს „ნაციონალური მოძრაობას“ .
„ყველაფერი ლოგიკურად დალაგდა და გასაგებია, რაც ხდება. ამას ემატება სალომე ზურაბიშვილის მოწოდება, რომ ოპოზიციამ დაიწყოს საკუთარი სახელები და გვარები, პარტიული იდეოლოგიები, პლატფორმები და ერთიან გაუგებარ ჯგუფად ჩამოყალიბდეს და ასე გაუწიოს ოპონირება სახელისუფლებო პოლიტიკურ გუნდს. ეს თავისდათავად არის ევროპული დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ , იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ქვეყანა მიდიოდა ევროპული პოლიტიკისკენ, როდესაც ქვეყანას მეტი არჩევანი აქვს პოლიტიკური პარტიების სახით . ეს შეთავაზება , რა თქმა უნდა, არის წარსულში უკან გადადგმული ნაბიჯი და კიდევ უფრო მეტ გაუგებრობაში და პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანს ამ კოლექტიურ „ნაციონალური მოძრაობას“, - განაცხადა თალაკვაძემ.