პასუხისმგებლობიანი მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს, სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერის-გლეხის მხარდაჭერა, რათა მას ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი. ეს პასუხისმგებლობა თქვენ არც გქონიათ, არც გაქვთ და არც გექნებათ,- ასე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს მიმართა.
მისივე თქმით, სოფელია ის ადგილი, საიდანაც მიგრაცია მიმდინარეობს და ფაქტობრივად, დაცარიელებულია სოფლები.
„სამძიმრით მინდა დავიწყო. უმძიმესი ტრაგედია მოხდა საქართველოში და მინდა მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს. ახლა რაც შეეხება თქვენს მთავრობას, პასუხისმგებლობიანი მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს სოფლად მცხოვრები მცირემიწიანი ფერმერების, გლეხების მხარდაჭერა, რომელიც, რეალურად, ადამიანებს მისცემს საშუალებას, ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი. თქვენი ხელისუფლების პირობებში, წინა მთავრობის, დღევანდელი, ახალი მთავრობა რომ მტკიცდება, ამ პირობებში ეს უკვე ხალხმა კარგად დაინახა, რომ შეუძლებელია. სწორედ სოფელია ის ადგილი, საიდანაც მიგრაციაა და ფაქტობრივად, დაცარიელებულია სოფლები, ეს არის სწორედ თქვენი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი და იმ პოლიტიკის, რომელიც არ ემსახურება მშრომელი ადამიანის წელში გამართვას. ერთადერთ რამეში დაგეთანხმებით მხოლოდ, რაც გუშინაც ბრძანეთ და დღესაც გაიმეორეთ ტრიბუნიდან, რომ ეს თქვენი წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამა არის ათთვიანი. მინდა გისურვოთ თქვენ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე ქართველ ხალხს, რომ ეს იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ბოლო პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.