ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ იმ დროს ჩადენილი სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა დაასრულა,
„ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე, ნულოვანი დემოკრატია, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები არჩევნების ტოტალური გაყალბება ე.წ. ელიტური კორუფცია, ბიზნესის სისტემური რეკეტი, რეპრესიული მანქანის ინსტრუმენტებად ქცეული სასამართლო, პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები, ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, გადავსებული ციხეები და ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით ახალგაზრდა, მიტაცებული ტელევიზიები და მონოპოლიზებული მედია, რეჟიმის მიერ, მათივე ტერმინი რომ გამოვიყენოთ „ჩარეცხილი ინტელიგენცია“ და შეგნებულად მოშლილი საზოგადოების სტრუქტურა, შეჩერებული წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. ამ ყველაფერთან ერთად, ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების დანაშაული 2008 წლის ღალატი, რუსეთისთვის ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაშინდელი რეჟიმის მიერ მოღალატეობრივად ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა,რომ 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო. ეს ყველაფერი, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ეს სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა საქართველოში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ქართული საზოგადოება მანამდე ქართული კულტურისა და სულიერების ასაღორძინებლად, ჩვენი ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად განხორციელებული უპრეცედენტო ქველმოქმედებით იცნობდა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქველმოქმედების შედეგია ის, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა დააყენა სწორ რელსებზე, რის შედეგადაც 2012 წლის შემდეგ, ამ პერიოდში გამოვლილი ორი გლობალური და ეკონომიკური კრიზის მიუხედავად საქართველოს ეკონომიკა 27 მილიარდი ლარიდან 80 მილიარდ ლარამდე, ხოლო ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტი რვა ნახევარი მილიარდი ლარიდან 28,7 მლრდ ლარამდე გაიზარდა. უპრეცედენტოდ გაფართოვდა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პაკეტები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისვე თქმით, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შედეგია, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირთან, ამასთან, ქვეყანამ მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, შარშან კი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
„ამ ყველაფრისთვის, ბატონ ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის“,- აცხადებს კობახიძე.
გარდა ბიძინა ივანიშვილისა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა მის წინამორბედ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს გასული სამი წლის განმავლობაში წარმატებული საქმიანობისთვის.