* ქეით მიდლტონი -
უელსის პრინცესა, კეტრინ ელისაბედ მიდლტონი პუბლიკამ 2010 წლის ნოემბრის თვეში გაიცნო, როცა კლარენ-ჰაუსის - სამეფო ოჯახის უესტმინსტერის რეზიდენციის წარმომადგენელმა, ოფიციალურად გამოაცხადა ბრიტანული არისტოკრატიის წარმომადგენლის, თუმცა მანამდე ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა ქალბატონის - ქეით მიდლტონის და სამეფო ტახტის მემკვიდრის, პრინც უილიამის ნიშნობის შესახებ.
* მშობლები -
კეტრინ ელისაბედ მიდლტონი 1982 წლის 9 იანვარს დაიბადა ბერკშირის საგრაფოს ქალაქ რედიგში. მისი მამა მაიკლ ფრენსის მიდლტონი უმსხვილესი ავიაკომპანიის British Airways-ის პილოტი იყო, რომელმაც სწორედ სამსახურში გაიცნო მომავალი მეუღლე - ბორტგამცილებელი კეროლ ელისაბედ გოლდსმიტი. წყვილმა 1980 წელს იქორწინა და სამი შვილი შეეძინა. უფროს კეტრინს ერთ წელიწადში უმცროსი და ფილიპა შარლოტა, ოთხი წლის შემდეგ ძმა ჯეიმს უილიამი შეემატა.
1984 წელს მაიკლ მიდლტონი, რომელიც ამანში - იორდანიის დედაქალაქში მიიწვიეს სამუშაოდ, ოჯახთან ერთად გადაბარგდა ახლო აღმოსავლეთში, სადაც ქეითმა ბავშვობის რამდენიმე წელი გაატარა. უელსის პრინცესას განცხადებით, „ძალიან გაუმართლა, რადგან არაჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა და ბრწყინვალე მშობლები ჰყავდა, რომლებიც ზედმეტად არასდროს ანებივრებდნენ, თუმცა ყოველთვის თავგამოდებით ზრუნავდნენ შვილებზე“.
* ოჯახური ბიზნესი -
1987 წელს მიდლტონებმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყეს და კომპანია Party Pieces დააფუძნეს, რომელიც დღესასწაულების ორგანიზებასა და სადღესასწაულო ატრიბუტიკით ვაჭრობაზე სპეციალიზირდებოდა. ბიზნესი მეტად შემოსავლიანი აღმოჩნდა, რადგან 2011 წელს მიდლტონების კაპიტალმა მთელი 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.
ქეითი ყოველთვის ენთუზიაზმით ეხმარებოდა მშობლებს. ბავშვობაში დასთან ერთად მონაწილეობდა Party Pieces-ის კატალოგისთვის მოწყობილ ფოტოსესიებში, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი, კომპანიაში, გაყიდვების განყოფილებაში დაიწყო მუშაობა.
* ელიტარული განათლება -
მშობლების წარმატებული ბიზნესის წყალობით, ქეითი სენტ-ენდრიუს პრესტიჟულ დაწყებით სკოლაში სწავლობდა, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო, რადგან სწავლის საფასური წელიწადში 17 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. სხვათა შორის, სწორედ სენტ-ენდრიუს სკოლა დაამთავრა ჯაშუშური რომანების ცნობილმა ავტორმაც ჯონ ლე კარემაც.
სკოლაში სწავლისას მომავალი პრინცესა თეატრალური ხელოვნებით დაინტერესდა, 11 წლისამ კი, მთავარი - ელიზა დულითლის როლი შეასრულა სკოლის სპექტაკლში „ჩემი მშვენიერი ლედი“.
სენტ-ენდრიუს სკოლის დასრულების შემდეგ ქეითმა მალბოროს კოლეჯში ჩააბარა და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, რადგან მინდვრის ჰოკეის გუნდში ჩარიცხული ჯერ საუკეთესო ბომბარდი გახდა, მერე კი, სიმაღლეში ხტომის რეკორდი დაამყარა.
უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ქეითმა აკადემიური წლით ისარგებლა და იტალიაში გაემგზავრა სამოგზაუროდ. ფლორენციაში, ბრიტანულ უნივერსიტეტში მიდლტონი ევროპული კულტურის ისტორიას გაეცნო და იტალიური ენა შეისწავლა, მერე კი, ჩილეში გაემგზავრა, სადაც საქველმოქმედო ორგანიზაციას Raleign International-ს შეუერთდა მოხალისედ და აქტიურად ჩაება სოციალური და ეკოლოგიური პროექტების განხორციელებაში. სხვათა შორის, იმავე ორგანიზაციაში მუშაობდა მისი მომავალი მეუღლეც, თუმცა პრინცი უილიამი მხოლოდ ქეითის გამგზავრებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ჩავიდა ჩილეში.
* ალკოჰოლური საზოგადოება -
2001 წელს მიდლტონი სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მართალია, თავიდან ქეითი ედინბურგის უნივერსიტეტში გეგმავდა ჩაბარებას, მაგრამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რომ სწორედ სენტ-ენდრიუს პრესტიჟულ სასწავლებელში აპირებდა პრინცი უილიამი სწავლის გაგრძელებას, ასეულობით ბრიტანელი გოგონების მსგავსად მანაც ამავე უნივერსიტეტში გადაწყვიტა ჩაბარება.
უნივერსიტეტში სწავლისას მიდლტონი „ქალთა ალკოჰოლური საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა, თუმცა უჩვეულო კლუბი ქეითმა არა ალკოჰოლის განსაკუთრებული სიყვარულით, არამედ ფემინისტური მოსაზრებით შექმნა. ინგლისში ყოველთვის არსებობდა ანალოგიური კლუბები მამაკაცებისთვის, სადაც ქალბატონებს არ უშვებდნენ და სწორედ ძლიერი სქესის წარმომადგენლებთან თანასწორი უფლებების მოპოვების სურვილით შეიქმნა ქალთა კლუბიც, სადაც მამაკაცებს აეკრძალათ სტუმრობა.
* პროვოკაციული სამოსი -
2002 წელს მომავალმა პრინცესამ, რომელიც ყოველთვის თავშეკავებითა და მოკრძალებით გამოირჩეოდა, საკუთარი სითამამით გააკვირვა ნაცნობები, როცა გამჭვირვალე კაბით გამოჩნდა საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მოწყობილ მოდურ ჩვენებაზე. ქეითის პროვოკაციული სამოსი რამდენიმე წლის შემდეგ იქცა საზოგადოების მსჯელობის საგნად, როცა 30 ფუნტად შეძენილი კაბა 78 ათას ფუნტად გაიყიდა აუქციონზე.
სხვათა შორის, ჩვენებას პრინცი უილიამიც ესწრებოდა, რომელიც ქეითის კაბითაც მოიხიბლა და მისი სითამამითაც. მეტიც, სწორედ საქველმოქმედო საღამოზე დამეგობრდნენ ახალგაზრდები, რომელთაც რამდენიმე დღეში იქირავეს მეგობრებთან ერთად ორსართულიანი მდიდრული სახლი.
სახლის დიასახლისის შარლოტა სმიტის მტკიცებით, სწორედ ერთად ცხოვრების დროს დაახლოვდნენ ქეითი და უილიამი. ახალგაზრდები ხშირად აწყობდნენ წვეულებს, თუმცა ვახშამს ყოველთვის უილიამი ამზადებდა, რომელიც არც სახლის დალაგებას თაკილობდა, რადგან სწორედ ასე ცდილობდა ქეითზე შთაბეჭდილების მოხდენას.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ქეითი ნოვატორული იდეებით შეუერთდა მშობლების ბიზნესს. მიდლტონმა „პირველი დაბადების დღის“ კონცეფცია შეიმუშავა და ახალ განყოფილებას ჩაუდგა სათავეში, რომელიც ახალშობილების დაბადების დღეების ორგანიზებაზე ზრუნავდა.
* რომანი პრინცთან -
უილიამთან დამეგობრებული ქეითი იმ პრივილიგირებულ სტუმართა შორის აღმოჩნდა, ვინც უილიამმა საკუთარ დაბადების დღეზე მიიწვია. სწორედ მაშინ გავრცელდა ხმები ახალგაზრდების რომანზე, თუმცა კომენტარის გაკეთებისგან ორივემ თავი შეიკავა.
2004 წელს წყვილმა ერთად გაატარა არდადეგები სამეფო ოჯახის მამულში, ბალმორის ციხე-სიმაგრეში. არავინ იცის, რამდენ ხანს დამალავდნენ ახალგაზრდები საკუთარ რომანს, რომ არა პრესით გავრცელებული ერთობლივი ფოტოები, რასაც სერიოზული სკანდალი მოჰყვა, რადგან პრინცმა ჩარლზმა ჟურნალისტები სამეფო ოჯახსა და პრესის წარმომადგენლებს შორის არსებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების თანახმად, ჟურნალისტებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ სწავლის პერიოდში მემკვიდრე პრინცების პირად ცხოვრებაში ჩარევა. არ დაიხია უკან არც მიდლტონმა, რომელმაც 2005 წელს ოფიციალურად შეიტანა სასამართლოში სარჩელი და პაპარაცები თვალთვალში დაადანაშაულა.
2006 წელს წყვილი პრინც ჩარლზის მეუღლის კამილა ბოულზის შვილის - ლორას ჯვრისწერის ცერემონიას დაესწრო, მოგვიანებით კი, ქეითმა სანდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე გაუწია უილიამს კომპანიონობა. მართალია, 2007 წელს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს წყვილი დაშორდა, ქეითი კი, მშობლებთან ერთად ირლანდიაში გაემგზავრა, სადაც უილიამის ძველ მეგობართან ჰენრი როპნერთან გააბა რომანი, მაგრამ ერთი წლის შემდეგ წყვილი შერიგდა და თამამად განაცხადა, რომ უთანხმოება მხოლოდ დროებითი იყო.
* ქორწინება -
2010 წელს, კენიაში მოგზაურობისას პრინცმა ოფიციალურად შესთავაზა ქეითს ცოლობა დედოფლის კურთხევითა და 1772 წელს მიღებული სამეფო ქორწინების კანონის სრული დაცვით. საზეიმო ცერემონიის ხარჯი თანაბრად გაინაწილეს ახალგაზრდების ოჯახებმა, ტრანსპორტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი, ბრიტანეთის მთავრობამ აიღო საკუთარ თავზე.
ქეითისა და უილიამის ქორწინება მნიშვნელოვან მოვლენად იქცა არა მხოლოდ ბრიტანეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მეტიც, საზეიმო ღონისძიება გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა, როგორც ყველაზე საინტერესო სანახაობა, რომელიც პირდაპირ ეთერში იხილა 2 მილიარდმა ადამიანმა 180 ქვეყანაში.
პროტოკოლის დაცვის მიუხედავად, ახალგაზრდებმა მაინც შეძლეს სადღესასწაულო წვეულების საკუთარი გემოვნებით მოწყობა, სტუმრებს კი, რომელთა შორის მრავლად იყვნენ ცნობილი სახეები, ძვირადღირებული საჩუქრების ნაცვლად ქველმოქმედებაში მონაწილეობა შესთავაზეს. იდეამ გაამართლა, რადგან რესპექტაბელური სტუმრების ხელგაშლილობის წყალობით საკმაოდ სოლიდური თანხა შეგროვდა, რომელიც 26 საქველმოქმედო ორგანიზაციაზე განაწილდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჯვრისწერის ცერემონიას მიდლტონის ყოფილი ბოიფრენდი ვილემ მარქსიც ესწრებოდა, რომელსაც ქეითი სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ დაშორდა, თუმცა მეგობრული ურთიერთობა მაინც შეინარჩუნა.
* ტიტული -
ქორწინების შემდეგ ქეითმა ოფიციალურად მიიღო მისი უდიდებულესობის კემბრიჯის ჰერცოგინია კეტრინის ტიტული, ელისაბედ მეორის გარდაცვალების შემდეგ, 2022 წლის სექტემბრის თვეში კი, ჯერ კემბრიჯისა და კორნუოლის ჰერცოგინია, მერე უელსის პრინცესა გახდა.
ქეითმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მოკრძალებული პრინცესა, რომელიც ნამდვილი ბრიტანული კონსერვატიზმითა და თავშეკავებით გამოირჩევა, მილიონობით ახალგაზრდა ბრიტანელისთვის იქცა ეტალონად. გოგონები არა მარტო ჩაცმის სტილით ჰბაძავდნენ ქეითს, არამედ ქცევითა და ცხოვრების წესითაც. მეტიც, სწორედ მიდლტონის დამსახურებად იქცა საქველმოქმედო საქმიანობის პოპულარიზაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და შეძლებული ადამიანების აუცილებელ ატრიბუტად იქცა.
* მემკვიდრეები -
2013 წლის ივლისში სამეფო წყვილს პირველი შვილი ჯორჯ ალექსანდრ ლუი შეეძინა, რომელიც მამისა და ბაბუის შემდეგ სამეფო ტახტის მესამე პრეტენდენტი გახდა. ორი წლის შემდეგ მეუღლეებმა გოგონას - შარლოტა ელისაბედ დიანას დაბადება იზეიმეს, 2018 წელს კი, მესამე შვილის - ლუი არტურ ჩარლზის დაბადებით გაახარეს ბრიტანელები.
სხვათა შორის, ქეითი ბრწყინვალე მზარეული და კონდიტერია. რა თქმა უნდა, სამეფო ოჯახს თავისუფლად შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო კონდიტერების მომსახურებით სარგებლობა, მაგრამ შვილების დაბადების დღისთვის ქეითი ყოველთვის თვითონ ამზადებს სადღესასწაულო ტორტს. ერთ-ერთ ინტერვიუში უელსის პრინცესამ მორიდებით აღნიშნა, რომ „გიჟდება დესერტების მომზადებაზე, რადგან ისეთ დიდ სიამოვნებას იღებს შვილებისთვის საყვარელი ტორტების გამოცხობით, რომ რამდენიმე დღით ძილიც კი ეკარგება“.
* ბრიტანელების რჩეული -
მართალია, 2018 წელს პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწინების შემდეგ ამერიკელები დარწმუნებული იყვნენ, რომ სამეფო ოჯახის ახალი წევრი ყველას, პირველ რიგში ქეითს დაჩრდილავდა, მაგრამ ბრიტანელებმა მაინც მიდლტონს უერთგულეს და ნებისმიერი შედარების დროს სწორედ მას მიანიჭეს უპირატესობა.