* Careless Whisper - ერთი სიმღერის ისტორია -
მართალია, კომპოზიციამ Careless Whisper ფანტასტიკური წარმატება მოიპოვა, რომელსაც დღემდე ინარჩუნებს, მაგრამ ჯორჯ მაიკლს არასდროს მოსწონდა საკუთარი ნამუშევარი.
* * *
მეგობრის და დუეტის Wham-ის წევრის ენდრიუ რიჯლის თანაავტორობით შექმნილი სიმღერა Careless Whisper, რომელიც 1984 წელს ჩაიწერა, ბრიტანელი მუსიკოსის ჯორჯ მაიკლის სოლო კარიერის სადებიუტო ჰიტად იქცა. ემოციურმა პოპ-ბალადამ გულისამაჩუყებელი ტექსტითა და საქსოფონის არაჩვეულებრივი სოლო პარტიით, სწრაფად მოიპოვა მსოფლიო ჩარტების ლიდერობა და საოცრად წარმატებული აღმოჩნდა კომერციულად.
* * *
1980-იან წლებში მაიკლი ცნობილ რესტორანში Bel Air-ში ასრულებდა ერთგვარი იმპროვიზირებული დიჯეის ფუნქციას. სამსახურამდე მუსიკოსი ყოველთვის ავტობუსით მგზავრობდა და სწორედ გზაში პოულობდა შთაგონებას ახალი კომპოზიციების შესაქმნელად. „ზუსტად მახსოვს, როგორ გადავეცი პატარა ბიჭს მგზავრობის საფასური და სწორედ მაშინ მოვიფიქრე საქსოფონის პარტია“, - აღნიშნა მაიკლმა ერთ-ერთ ინტერვიუში და დაამატა, რომ მართალია, სიმღერა რამდენიმე წუთში შეიქმნა, მაგრამ თითქმის სამი თვე დასჭირდა მისი დამუშავებისა და სრულყოფილი კომპოზიციის შესაქმნელად.
* * *
მაიკლის განცხადებით სიმღერის სენტიმენტალური ტექსტით საკუთარი ემოციები და ახალგაზრდული სიყვარულის ისტორია გადმოსცა. როგორც აღმოჩნდა 12 წლის მოზარდი, რომელსაც სასცენო ფსევდონიმის მორგებამდე გეორგიოს კირიაკოს პანაიოტუ ერქვა, უპასუხოდ და უიმედოდ იყო შეყვარებული თანატოლ გოგონაზე.
„ხშირად დავყვებოდი უფროს დას ქვინსვეის საციგურაო მოედანზე. სწორედ იქ შევხვდი გოგონას, რომელსაც ჯეინი ერქვა და გრძელი ქერა თმა ჰქონდა. თვითონ საშინლად მსუქანი მოზარდი ვიყავი, თან სათვალეს ვატარებდი, ამიტომ მისი მოხიბვლის არანაირი შანსი არ მქონდა. ჩემი და მთელი დღე სრიალებდა და გულიანად ერთობოდა, მე კი, ბრიყვივით ვიდექი ერთ ადგილას და პრაქტიკულად გონებას ვკარგავდი ჯეინის ყოველ გამოჩენაზე“, - ღიმილით გაიხსენა მუსიკოსმა.
რამდენიმე წლის შემდეგ მაიკლი ისევ შეხვდა ჯეინს. რადიკალურად შეცვლილი მუსიკოსი, რომელმაც წონაშიც დაიკლო, სათვალეც მოიხსნა და გოგონების სიმპათიაც დაიმსახურა, ლონდონის ერთ-ერთ დისკოთეკაზე აწყობდა მეგობრებთან ერთად კონცერტს.
„მართალია, ჯეინმა ვერ მიცნო, მაგრამ ჩემს მიმართ ინტერესი გამიჩინა, რადგან ძალიან მოეწონა ჩვენი სიმღერა, რამდენიმე დღის შემდეგ კი, სტუმრად მიმიწვია საკუთარ სახლში. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ მაინც სიამოვნებით ვესტუმრე. რა თქმა უნდა, სწრაფად დავმეგობრდით და ფლირტიც გავმართეთ, თუმცა იმ პერიოდში სხვაც მომწონდა, რომელსაც ელენი ერქვა და ყოველთვის მოდურად იცვამდა. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მეგონა მაგარი იქნებოდა თუ ორ გოგონასთან ერთდროულად გავაბამდი რომანს. მახსოვს, დები მაკრიტიკებდნენ და საშინლად ბრაზობდნენ, რადგან ძალიან არ მოსწონდათ ჩემი თავაშვებული ქცევა“, - აღნიშნა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მუსიკოსმა და ბევრი გააკვირვა გულწრფელი აღიარებით.
* * *
რა თქმა უნდა, კომპოზიცია Careless Whisper ჯეინს მიეძღვნა, რომელმაც სიცრუე ვერ აპატია მაიკლს და სამუდამოდ დაშორდა, რაც მუსიკოსმა საკმაოდ საკმაოდ მტკივნეულად განიცადა. მართალია, სიმღერას ლაიტმოტივად გასდევს ღალატის თემა, როცა ერთი ქალი სრულიად მოულოდნელად გებულობს საყვარელი მამაკაცის მეორე ქალის შესახებ და შორდება, მაგრამ კომპოზიციის ტექსტის მიხედვით, გოგონა მაშინაც კი ცეკვავს ახალგაზრდა მამაკაცთან, როცა კარგად იცის მისი ღალატის შესახებ, თუმცა პატიება არ შეუძლია, ამიტომ დაშორებაც გარდაუვალია.
* * *
სიმღერის პირველი ვერსია მაიკლმა ამერიკაში, ალაბამას სტუდიაში ჩაწერა პროდიუსერის ჯერი ვაქსლერის ხელმძღვანელობით, თუმცა ნამუშევარი არ მოეწონა და დამოუკიდებლად, სხვების რეკომენდაციების გარეშე გადაწყვიტა კომპოზიციის თავიდან ჩაწერა, რომელსაც საქსაფონის პარტიაც დაუმატა ცნობილი მუსიკოსის სტივ გრეგორის შესრულებით.
სწორედ მეორე ვერსია გამოიცა 1984 წელს სინგლად, მერე კი, ალბომში Make It Big შევიდა. კომპოზიციამ სწრაფად მოიპოვა ლიდერობა ინგლისურენოვანი ქვეყნების ჩარტებში და რამდენიმე კვირაში გაიყიდა 6 მილიონ ასლად, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მაიკლის ყველაზე შემოსავლიან სიმღერად იქცა.
* * *
ფანტასტიკური წარმატების მიუხედავად, მაიკლმა თავიდანვე აითვალწუნა კომპოზიცია, „არასდროს მიყვარდა Careless Whisper და არ მესმის რატომ მოიწონა მილიონობით ადამიანმა. იმედგაცრუების მთავარ მიზეზი თავქარიანი ტექსტი და ბანალური სიტყვები გახდა“, - შენიშნა მაიკლმა, რომლის მტკიცებით ავტორს ყოველთვის სიღრმისეულ თემებზე უნდა საუბარი და გული წყდება, როცა ბანალური ბალადები პოპულარობას მოიპოვებენ, სერიოზული ნამუშევრები კი, თითქმის შეუმჩნეველი რჩება.
* * *
ვიდეორგოლი კომპოზიციაზე რეჟისორმა დუნკან გიბინსონმა გადაიღო, რომელმაც მანამდე Wham-ის კიდევ ერთ ჰიტზე Wake Me Up Before You Go-Go-ზე იმუშავა, პარტნიორობა მუსიკოსს კი, მოდელმა და მსახიობმა ლიზა შტილმა გაუწია.
საკმაოდ რთული აღმოჩნდა კლიპზე მუშაობა, რომლის გადაღება მაიამიში გაიმართა. როგორც აღმოჩნდა, ყველაფრით უკმაყოფილო მაიკლი ყველა სცენის რამდენიმე დუბლით გადაღებას მოითხოვდა, რადგან ხან დეკორაციას იწუნებდა, ხან ოპერატორის მუშაობას. მეტიც, მუსიკოსს ისე ძალიან არ მოეწონა საკუთარი ვარცხნილობა, რომ დას ლონდონიდან ჩამოსვლაც კი აიძულა თმის შესაჭრელად, რის გამოც რეჟისორს უკვე გადაღებული სცენების თავიდან გადაღება მოუწია.