პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც დაუსვამენ შეკითხვებს. სხდომა პარლამენტში 1 საათში დაიწყება. ოპოზიციამ მომავალი პრემიერის პრიორიტეტები უკვე მოისმინა. სხდომაზე, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები მონაწილეობდნენ, ირაკლი კობახიძეს ოპონენტებმა კითხვებიც დაუსვეს. მათი შეფასებით, პრემიერობის კანდიდატისგან ახალი ვერაფერი მოისმინეს და ვერც კონკრეტული პასუხები გაიგეს. ოპოზიციაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასა და პრემიერობის კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ - სწორედ ამიტომ, ისინი დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. გეტყვით იმასაც, რომ ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრას პარტია “ლელოსა” და “საქართველოსთვის” დეპუტატები არ ესწრებოდნენ.