ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისთვის წარდგენილი აუდიტორული კომპანიების ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით აუდიტორული სექტორის შემოსავალი შემცირდა.
ბაზარზე მოქმედი 15 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის შემოსავალი მხოლოდ აუდიტორული მომსახურების გაწევიდან 7%-ით შემცირდა და 49.9 მილიონი ლარი შეადგინა.
ფინანსური გამჭვირვალობის სტანდარტების დაკმაყოფილება და ფინანსური ანგარიშების მომზადებიდან მიღებული შემოსავლების გამოქვეყნების ვალდებულება თავად აუდიტორულ კომპანიებსაც აქვთ. მათ მიერ წარდგენილი მონაცემების მიხედვით, ბაზარზე მოქმედი უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების საერთო შემოსავალი 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით 2.3%-ით შემცირდა.
სდპ-ის შემოწმების უფლების მქონე საერთაშორისო აუდიტორული ფირმებიდან ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების სიის სათავეში EY (₾19 141 188), BDO Georgia (₾18 545 019), PwC (₾16,365,250), KPMG Georgia (₾11,986,555), Deloitte (₾10,238,963) Nexia Georgia (₾10,095,665), Grand Tornthorn (₾4,128,035), Baker Tilly Georgia (₾2,065,411) დომინირებენ.
აუდიტორული კომპანიების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2022 წლის რეიტინგში ცვლილებებია: 2021 წელს I და II ადგილზე მყოფი აუდიტორული კომპანიების EY-სა და PwC-ის შემოსავლები 12% და 24%-ით შემცირდა. BDO Georgia კონსოლიდირებული შემოსავლის 19%-იანი ზრდით ერთი პოზიციით დაწინაურდა; KPMG-ის შემოსავალი 5%-ით შემცირდა, Nexia Georgia-მ კი 2022 წელს რეიტინგში რეკორდული, 27%-იანი ზრდა აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ექვსეულის შემოსავალი როგორც კონსოლიდირებულ, ისე აუდიტის ჭრილში მნიშვნელოვნად აღემატება რეიტინგის დანარჩენი კომპანიების შემოსავლებს. რეიტინგის მეშვიდე ადგილს მეექვსე პოზიციაზე მყოფი „ნექსია საქართველოს“ შემოსავალი მნიშვნელოვნად აჭარბებს (144%), მეხუთე ადგილზე მყოფი Deloitte-ს შემოსავალი კი მეექვსე პოზიციას 1%-ით აღემატება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის მონაცემები პორტალზე ჯერჯერობით ასახული არ არის.