ვინც გუშინ პირდაპირ აზიანებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, დღეს ვერ დავსხდებით და ვერ ვისაუბრებთ მომავალზე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ჩიხური სიტუაციიდან გამოყვანის მიზნით „ერთობის პლატფორმა“ უნდა შეიქმნას.
მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანახა საზოგადოებას, რომ იქ მართლა იდეისთვის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივისთვის კი არ მიდიან, მიდიან საკუთარი ყოველდღიური, პარტიული ინტერესების გასატარებლად.
„ამ იდეის გაჟღერებისთანავე დავინახეთ, რომ ადამიანები, რომლებიც ორი დღის წინ, რამდენიმე თვის წინ, საქართველოს ევროპული მომავლისთვის ფასის დადებას სააკაშვილის საკითხით ცდილობდნენ ანუ ცალკეული პირები დადიოდნენ და იძახდნენ, რომ სტატუსი ქვეყანას არ უნდა მიეცეს თუ სააკაშვილის შეწყალება არ მოხდება. ასეთი ადამიანები იქნებიან ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის გაფუჭებაში როლის შემტანი. მაგალითად: „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ბუნებრივია, იმ ხალხთან ერთად, ვინც გუშინ პირდაპირ აზიანებდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ევროკავშირის საკითხს, დღეს ვერ დავსხდებით და ვერ ვისაუბრებთ მომავალზე. იმ ხალხმა პირდაპირ მოკლა, გაანადგურა ეს პროცესი. მათ საკუთარი განცხადებით სააკაშვილის თავისუფლების საკითხს დაუკავშირა ქვეყნის განვითარების საკითხები. ასევე, მეორე საკითხია ქმედუნარიანობის ნაწილი - „ქართულ ოცნებას“ პასუხისმგებლობაც არ ეყო, რომ პოზიცია დაეფიქსირებინა და ეთქვა, რომ თუ ერთიანობის ქარტიაა, აგერ ჩვენ. მთავარი მოქმედი სუბიექტი, ვინც ეს დოკუმენტი უნდა მიიღოს, არის ხელისუფლებაში მყოფი პარტია.