რაც მეტს ილაპარაკებთ, მეტ უცოდინარობას გამოავლენთ,- ასე მიმართა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძეს მას შემდეგ, რაც 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ილია დარჩიაშვილს კითხვა დაუსვა.
ვაშაძემ დარჩიაშვილს რამდენიმე კითხვით მიმართა, ბოჭორიშვილის რეპლიკა კი მის კითხვას მოჰყვა, რომელიც საგარეო უწყებაში გაგზავნილ წერილს ეხებოდა. კერძოდ, ვაშაძის თქმით, საგარეო უწყებაში წერილი ოჰაიოს შტატის ერთ- ერთი ქალაქიდან 100 მოქალაქის ხელმოწერით შევიდა და საარჩევნო უბნის გახსნასთან იყო დაკავშირებული. მისივე ინფორმაციით, კიდევ ერთი ანალოგიური წერილი იტალიის ერთ- ერთი ქალაქიდან შევიდა 50 მოქალაქის ხელმოწერით. ვაშაძე დაინტერესდა, რატომ არ პასუხობს მათ საგარეო უწყება, რასთან დაკავშირებითაც მაკა ბოჭორიშვილმა ურჩია, დაესრულებინა შეკითხვების დასმა და მიმართა, რომ „რაც მეტს ილაპარაკებს, მეტ უცოდინარობას გამოავლენს“.
„რჩევას გაძლებთ, თქვენთვისაა უკეთესი“, - მიმართა მან ვაშაძეს.
ვაშაძის განცხადებით, საზოგადოება შეაფასებს, ვინ არის მცოდნე და ვინ უცოდინარი. მისივე განმარტებით, როცა ათობით მოქალაქე ითხოვს საარჩევნო უბნის გახსნას, მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა, საგარეო უწყება მათ პასუხს არ სცემს.
ინფორმაციისთვის, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრიბის კანდისატს, ილია დარჩიაშვილს უსმენენ.