რატომ მოხდა, რომ არა მხოლოდ მოლდოვამ და უკრაინამ გაგვისწრო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში, არამედ სომხეთიც კი, რიგ შემთხვევაში, ჩვენზე წინ არის. რისი ბრალია? რა მოხდა ასეთი ქვეყანაში? - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, გიორგი ვაშაძემ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში სომხეთმა გაგვისწრო ისეთ საკითხებში როგორიცაა ადამიანების უფლებების დაცვა, დემოკრატია, არჩევნები, პოლიტიკური პლურალიზმი, სასამართლო, მართლმსაჯულება.
მან ასევე ილია დარჩიაშვილს მიმართა კითხვით, ეთანხმება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვენეციის კომისიამ არ იცის რა გვჭირდება ევროინტეგრაციისთვის.
„მაინტერესებს, ფიქრობთ, რომ ვენეციის კომისია ცდება, როცა სამართლიან სასამართლოს გვთხოვს და ირაკლი კობახიძეა მართალი, როდესაც ამბობს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის „კლანური“ სასამართლო თურმე ყოფილა ყველაზე სამართლიანი მსოფლიოში? თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? “ - მიმართა ვაშაძემ დარჩიაშვილს.