მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით მარტში იქნება ანგარიში, საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა ანუ ევროკავშირი, არჩევნებამდე გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში რაიმე პროგრესს აპაუზებს, რატომ მოხდა ასე? - ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა, პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ილია დარჩიაშვილს.
მისივე თქმით, დარჩიაშვილის პირდაპირი ვალდებულებაა პროგრესზე ესაუბროს ევროკავშირს და დაარწმუნოს, რომ პროგრესი არის.
„გასული წლის შემოდგომაზე, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს, ევროკომისიამ დამიდასტურა, რომ მარტში, საქართველოს მიერ საკუთარი ვალდებულებების შესრულების შესახებ შუალედური მოხსენება იქნებოდა. სამწუხაროდ, ახლა აღმოჩნდა რომ მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით, მათ პროგრესზე იქნება ანგარიში, თუმცა საქართველოს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ევროკავშირი, ფაქტობრივად, არჩევნებამდე აპაუზებს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში რაიმე პროგრესს. რატომ მოხდა ასე? რატომ გადახედა ევროკომისიამ საკუთარ პოზიციას, რომ პროგრესზე შეფასება მარტში გაეკეთებინა და ხომ არ უკავშირდება იმას, რომ არანაირი პროგრესის იმედი არავის აქვს. თუ ეს ასე არ არის, თქვენ ხართ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა პროგრესზე ესაუბროთ ევროკავშირს და დაარწმუნოთ, რომ პროგრესი არის. 9 პუნქტს აღარ ჩამოვუყვები, ორ მნიშვნელოვან პუნქტზე შევჩერდები: 1. ეს უკავშირდება აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ თქვენს განაცხადს. მახსოვს, მუშტის მოღერებით რომ მიწერეთ წერილი სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს და მოსთხოვეთ აშშ-ს განემარტა, რატომ გადაწყვიტა ლევან მურუსიძისა და სასამართლო კლანის სხვა წარმომადგენლების დასანქცირება და დაემუქრეთ. ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველი მინისტრი ხართ, ვინც მუქარის ენით ესაუბრება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს, რომლის მხარდაჭერაზეც დგას თქვენი ქვეყნის უსაფრთხოება. მას მიწერეთ მუქარის წერილი, რომ თუ განმარტებას არ მიიღებდით რატომ დაასანქცირა მურუსიძე, ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს აშშ-სთან საფრთხე შეექმნებოდა. აქ რომ გამოდიოდით, გვითხარით, რომ ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობები არის პრიორიტეტი. უნდა ვიგულისხმოთ, რომ მიიღეთ განმარტება მურუსიძე რატომ დაასანქცირეს? როგორ ფიქრობთ, ევროკავშირი რომ გვთხოვს სასამართლო სისტემის რეფორმას, რა რეაგირება უნდა ჰქონდეს ამაზე იმ ხელისუფლებას, რომელსაც წარმოადგენთ?
ასევე, მაინტერესებს დასავლელ პარტნიორებს რომ ესაუბრებით, დეოლიგარქიზაციას რომ გვთხოვს ევროკავშირი, როგორ განუმარტავთ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში დეოლიგარქიზაცია როგორ უნდა განხორციელდეს? ასევე, მინდა გკითხოთ, თქვენი ხელისუფლების წარმომადგენელმა, გუშინ გაბედა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უთხრა, საქართველო არაა შენი სამშობლოო, ემიგრანტების შთამომავალი ხარო, თქვენც ასე ფიქრობთ? ზურაბიშვილის წინაპრები ბოლშევიკებს გაექცნენ, თქვენი ხელისუფლების პირობებში შიმშილისგან გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან. როგორ ფიქრობთ, მათი სამშობლო არის საქართველო და უფლება აქვთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღების?“ - მიმართა სალომე სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს.