შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
მედია წერს, რომ ბლინკენის დისკუსიების ფსონი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც გუშინ „ჰამასმა“ მძევლების გასათავისუფლებლად პარიზში შემუშავებულ შეთანხმებაზე პასუხი გამოაქვეყნა.
ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურ პირებთან ის „ჰამასის“ კონტრშეთავაზებას განიხილავს.
„კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ კვლავ მიგვაჩნია, რომ შეთანხმება შესაძლებელია და, მართლაც, არსებითია. ჩვენ განვაგრძობთ დაუღალავად მუშაობას მის მისაღწევად“, - განაცხადა ბლინკენმა გუშინ, დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამერიკელი დიპლომატი, სავარაუდოდ, შეხვდება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ასევე ისრაელის ომის კაბინეტის მთავარ ოფიციალურ პირებს.
შეგახსენებთ, ენტონი ბლინკენი, ისრაელში ვიზიტამდე, საუდის არაბეთში, ეგვიპტესა და კატარში იმყოფებოდა.