სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ პირველ მოადგილესთან გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, სამუშაო შეხვედრები ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, რეგიონული დანაყოფების წარმომადგენლებთან გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზები, ტენდენციები და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტები განიხილა.
საგამოძიებო სამსახურში განმარტავენ, რომ კოკა კაციტაძემ ყველა ის პრობლემური საკითხი პირადად მოისმინა, რომელიც რეგიონულ დონეზე საგამოძიებო კუთხით სამუშაო პროცესში იკვეთება და მათი მოგვარებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს.
„2024 წლისთვის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება სამოხელეო დანაშაულის პრევენციაა, რომელსაც სამსახური მისი მანდატის ფარგლებში, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ გაცემული რეკომენდაციებით და სპეციალურად შექმნილი პრევენციის საბჭოს მეშვეობით ახორციელებს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით შექმნილი ცალკეული სამოხელეო დანაშაულების პრევენციის საბჭოს მიზანი გამოძიების პროცესში წამოჭრილი გამოწვევების იდენტიფიცირება, პრევენციის მექანიზმების შემუშავება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და შეთანხმებული რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვაა“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ეფექტიანი გამოძიების წარმოებასთან ერთად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია სამართალდამცავი ორგანოებისთვის რეკომენდაციების გაცემაა.
„ამ მიზნით, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში, ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები რეგიონულ დანაყოფებში, სადაც ადგილზე ვეცნობით ყველა იმ პრობლემას, გამოწვევასა და ტენდენციას, რომელიც ვლინდება სამართალდამცავთა საქმიანობაში, რაც შემდგომში ასახული იქნება ჩვენს წლიურ ანგარიშში და რაც ყველაზე მთავარია, ამ საკითხების ირგვლივ და მათ მოსაგვარებლად ჩვენ ერთობლივად ვიმუშავებთ პრევენციის საბჭოს ფორმატში თავად სამართალდამცავ ორგანოებთან,“ - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ დარჩაშვილი, გენერალური ინსპექციის უფროსი გიორგი ნოზაძე და რეგიონული დანაყოფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.