მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული, რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, არის ის, რომ სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო - საქმიანი ან ეროვნული - მე თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი და საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინც და მაინც ჩოხა-ახალუხსა და ხმალ -ხანჯალსაც ვერ გატყობთ,- ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილს.
პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნა მოჰყვა ალეკო ელისაშვილის კრიტიკას, რომელიც მმართველი პარტიისკენ იყო მიმართული, იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტის სხდომათა დარბაზში შემოსვლისას, სალომე ზურაბიშვილს არ მიესალმნენ.
„ერთი ხალხური ლექსი გამახსენდა, „ათასად რომ კაცი დაფასდა და ათი ათას ზრდილობა“. ჩემთვის ახლა ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდა ამ ლექსის დამწერს, ასე რომ ენახა ის სცენა, რაც დღეს ვნახეთ ყველამ და მთელმა საქართველომ, რომ შემოდის საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია არ ესალმება, ფეხზე არ დგება, არც ქალი, არც კაცი“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პაპუაშვილმა ელისაშვილს ეტიკეტისა და მისალმების ფორმის დაცვისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა სთხოვა თავად მეტი ყურადღება მიაქციოს იმას, რაც პარლამენტის რეგლამენტით გათვლილია- კონკრეტულად კი დეპუტატის ჩაცმულობა.
„მადლობა, ბატონო ალეკო, რომ სხდომათა დარბაზში ეტიკეტსა და მისალმების ფორმაზე ზრუნავთ, აქვე შეგახსენებთ, რომ მისალმების ფორმები რეგლამენტით არ არის მოწესრიგებული და მე მგონი, პოლიტიკური ჟესტი უნდა განასხვაოთ ქცევის წესებისგან. თუმცა, ბატონო ალეკო, რაც არის რეგლამენტით მოწესრიგებული, კერძოდ მისი 84-ე მუხლის მეშვიდე პუნქტით, არის ის, რომ სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო -საქმიანი ან ეროვნული. მე თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი და საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინც და მაინც ჩოხა-ახალუხსა და ხმალ -ხანჯალსაც ვერ გატყობთ, ამიტომ გთხოვთ, თუ მაინც და მაინც ეტიკეტი გაინტერესებთ და პატივს სცემთ, ამას მიაქციოთ ყურადღება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე“,- განაცხადა პაპუაშვილმა.