შინაგან საქმეთა სამინისტრო ხულოსა და ქედაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერთი მხრივ ზვავის, მეორე მხრივ კი მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, მათ შორის შსს ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული პირი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორი თემურ ბარამიძეა.
როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ზვავის ჩამოწოლისას საკუთარ სახლში იმყოფებოდა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო. თემურ ბარამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა.
ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.
სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
სტიქიაა, ასევე, დასავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში, სადაც შესაბამისი სამსახურები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.