საქართველოში კვერცხის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. გასული წელის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით არასაინკუბაციო კვერცხის იმპორტი 11-ჯერ არის შემცირებული. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში, საქართველოში 720 ათასი ერთეული კვერცხი შემოვიდა, ეს მაშინ, როცა 2022 წლის იგივე პერიოდში 8 მლნ ერთეულს გადააჭარბა ამ პროდუქტის იმპორტმა.
როგორც მეფრინველეობის განვითარების ასოციაციაში განმარტავენ, იმპორტის შემცირებას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს _ საქართველოს მთავარმა იმპორტიორმა, თურქეთმა, მთელი ექსპორტი რუსეთის ბაზარზე გადააწყო, რადგან იქ უფრო დიდი ბაზარი და მაღალი ფასი დაინახა. შეგახსენებთ, რომ წინა წლის ბოლოს, რუსეთში კვერცხის დეფიციტი შეიქმნა, რის გამოც ქვეყნის მთავრობამ მეზობელი ქვეყნებისთვის, 2024 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, იმპორტირებულ კვერცხზე გადასახადი გაანულა. მწარმოებლები ამბობენ, რომ იმპორტის მკვეთრი ვარდნა ადგილობრივ ბაზარზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგან არასაინკუბაციო კვერცხის წარმოება ქვეყანაში კარგად არის განვითარებული და არსებულ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს.