მიკროსაფინანსოების წინააღმდეგ წამოწყებული დავების 57% მომხმარებლის სასარგებლოდ გადაწყდა. გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, მისო-ების მიმართ პრეტენზიების რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, შარშან მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 1230 საჩივარი დაიწერა, 2022 წელს - 982.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ წინა წლის დეკემბერში დაფიქსირებული 92 საჩივრიდან, 74 სამომხმარებლო სესხებს ეხებოდა, 7 მომენტალურ განვადებას, 3-3 განაცხადი კი სალომბარდე და ავტო სესხებს. პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, საჩივრების უმეტესობა ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებს ეხება, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება, სხვა გადასახდელები და საპროცენტო შენატანები. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში დაფიქსირებული 92 საჩივრიდან - 52 (57%) საფუძვლიანად იქნა მიჩნეული და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 32 უსაფუძვლოდ, ხოლო 8 საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება. თავდაპირველად მხოლოდ ბანკების მიმართ საჩივრები აღინუსხებოდა, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.