მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებამ არ იცის, ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ - ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ აპირებს ბიძინა ივანიშვილი ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის.
„საზოგადოების კითხვების მთავარი ადრესატი დღეს არც პრემიერია, არც პარლამენტისა და არც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, არამედ ის, ვინც რეალურად მართავს ქვეყანას. ამიტომ მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, თქვენგან მოისმინოს - რას ნიშნავს თქვენი დაბრუნებისას წარმოთქმული სიტყვები კორუფციაზე, ქვეყნის საგარეო კურსზე? საზოგადოებამ არ იცის ვინ რატომ გაუშვით, ან ვინ რატომ მოგყავთ - ქვეყნის წინაშე არსებული დანაშაულისა, თუ განსხვავებული აზრების გამო უშვებთ, თუ კიდევ სხვა, მიზეზების გამო, რაც არ ვიცით?
რადგან საზოგადოება მმართველობის ახალ, ევროპულ მოდელს ელოდება, ისიც უნდა იცოდეს და უნდა უთხრათ, თუ როგორ აპირებთ ერთპარტიული, ერთპიროვნული და ვერტიკალური მოდელიდან დემოკრატიულ, ევროპულ მოდელზე გადასვლას და როდის; საზოგადოება თქვენგან პასუხს ელოდება - როდის ჩამოაშორებთ სასამართლოს მურუსიძე ჩინჩალაძეს, მაშინ, როცა ერთი მხრივ, ებრძვით ან ასე ამბობთ "ნაციონალურ მოძრაობას“ და მეორე მხრივ კი, მის გადმონაშთებს არაფერი ემუქრებათ”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.