„ჰამასის” ხელმძღვანელობა, მათ შორის მისი ლიდერი იაჰია სინვარი, გაქცეულია, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელის ძალები ღაზის სექტორში სამხრეთისკენ წინსვლას განაგრძობენ.
„ისრაელის სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ქალაქ ხან-იუნისში თავის მიზნებს მალე მიაღწევს, რადგან ჯარები რაფაში სამხრეთისკენ მიიწევენ, რომელიც „ჰამასის“ ბოლო დასაყრდენია. ჩვენი ძალები ადგილზე მოქმედებენ ღაზის სექტორის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე“, - აღნიშნა იოავ გალანტმა.
მისი თქმით, „ჰამასის“ ლიდერს, იაჰია სინვარს მებრძოლებთან კავშირი არ აქვს და ერთი სამალავიდან მეორეში გადადის საკუთარი თავის გადასარჩენად.
„ის არ ხელმძღვანელობს ძალებს და დაკავებულია საკუთარი თავის გადარჩენით. ის „ჰამასის“ ხელმძღვანელის ნაცვლად გაქცეულ ტერორისტად იქცა“, - აღნიშნა გალანტმა.