გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დასავლეთის ქვეყნებს კვლავ მოუწოდებს, უკრაინის სამხედრო დახმარება არ შეამცირონ და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ კიევის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ.
„მტკიცედ მომხრე ვარ, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ შეიტანოს იმხელა წვლილი, რომ რუსეთის პრეზიდენტის მოლოდინი, რომ ეს საკითხი თავისთავად მოგვარდება, არ გამართლდეს”, - აღნიშნა შოლცმა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრთან, გაბრიელ ატალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
გერმანიის კანცლერის თქმით, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებს, რომ დასავლელი მოკავშირეები, რაღაც მომენტში, კიევის მხარდაჭერას შეწყვეტენ. "ეს არის გზავნილი, რომელიც მკაფიოდ უნდა გაეგზავნოს მას როგორც შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპიდან: ეს გათვლა არ იმუშავებს. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას", - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
თავის მხრივ, გაბრიელ ატალმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი აპირებს გააფართოოს უკრაინის მხარდაჭერის პროგრამა. მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ ფინანსურ დახმარებაზე, არამედ იარაღზეც. ამავდროულად, ატალმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მიწოდებული იარაღის ხარისხსაც, რადგან ის უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლეს სტანდარტებს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინელებმა საკუთარი თავი დაიცვან.