აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ორპარტიულ შეთანხმებას კენჭი რაც შეიძლება სწრაფად უყარონ. მისივე განმარტებით, აღნიშნული შეთანხმება აშშ-ის საზღვრის დაცვის პოლიტიკასთან ერთად, უკრაინისა და ისრაელის მხარდაჭერასაც მოიცავს. 118-ი მილიარდი დოლარის პაკეტიდან უკრაინისთვის 60 მილიარდი, ისრაელის მხარდასაჭერად კი - 14 მილიარდი იქნება გათვალისწინებული. დოკუმენტი წითელ ზღვასა და ტაივანში ოპერაციებისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსებასაც მოიცავს. მანამდე, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ კონგრესში იმ კანონპროექტს უყრიან კენჭს, რომელიც ისრაელისთვის ყოველგვარი პირობების, მათ შორის, უკრაინის დახმარების გარეშე, 17-ი მილიარდი ამერიკული დოლარის დახმარებასაც გაითვალისწინებს. ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ კანონპროექტს "ცინიკური პოლიტიკური მანევრი" უწოდა და განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერს იმ დოკუმენტს, რომელიც უკრაინის დახმარებას არ მოიცავს.