საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონის პირველ შეხვედრაში გერმანიის დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 28:17 დაამარცხა.
მატჩი „ბორჯღალოსნების“ უპირატესობით დაიწყო და ქართველმა მორაგბეებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს – მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში შერკინება დაინიშნა, გერმანელებმა თამაშის წესი დაარღვიეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ.
ამის შემდეგ გერმანელები გააქტიურდნენ, საქართველოს ნაკრების მორაგბეებმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს, რითიც მეტოქემ ისარგებლა და ჯერ გარდასახული ლელოთი ანგარიში გაათანაბრა, 10 წუთში კი ჯარიმაც გაიტანა და დაწინაურდა.
თუმცა რიჩარდ კოკერილის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ტაიმის მოგება მაინც შეძლო. პირველი ნახევრის მიწურულს ქართველი მორაგბეები გერმანიას დიდი ძალებით შეუტეს, მორიგი შერკინების დროს სპანდერაშვილმა კარგად ითაშა და ლელოც დადო, გარდასახვა კი მატკავამ კარგად გამოიყენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში სხვაობა გაზარდა – გუნდის კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ ეროვნულ ნაკრებში მე-100 შეხვედრა ლელოთი დააგვირგვინა, მატკავამ კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა – 21:10.
მატჩის ბოლომდე გუნდებმა თითო ლელო დადეს და ზუსტად გარდასახეს. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა თამაშის მოგება მოახერხა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო ორ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს – 10 თებერვალს ნიდერლანდების, 17-ში კი ესპანეთის წინააღმდეგ. შეხვედრები „ავჭალის“ სტადიონზე გაიმართება.