რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები მორიგ აქციას ატარებენ. საავადმყოფოს ეზოში შეკრებილი მედპერსონალი უკვე 10 დღეზე მეტია, რაც კლინიკის შენობის დემონტაჟისა და რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ექიმები მსჯელობენ იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყენონ კლინიკის რეორგანიზაციის და შენობების დანგრევის ერთი თვით გადავადება და ქვეყნის მთავრობას გადაწყვეტილება შეაცვლევინონ. პროცესის შესაჩერებლად ექიმებმა სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა განხილვა ჯერჯერობით არ დაწყებულა. საავადმყოფოს გარშემო განვითარებული ამბების შესახებ უკვე ინფორმირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. რეორგანიზაციამ ერთი თვით გადაიწია და 15 მარტამდე გადაინაცვლა. სწორედ ეს დრო აქვთ ექიმებს, რათა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ სამსახურიდან დაითხოვენ. რეორგანიზაცია საავადმყოფოს 650 თანამშრომელს შეეხება.