რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნავთობპროდუქტები 300 კვ.მ ფართობზე დაიწვა.
„უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. ხანძარი ლოკალიზებულია და ღია ცეცხლი ლიკვიდირებულია. მსხვერპლი არ არის“, - წერს ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორი, ანდრეი ბოჩაროვი „ტელეგრამის“ არხზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გვიან ღამით, ბელგოროდის, ვოლგოგრადისა და როსტოვის ოლქებს დრონებით დაესხნენ თავს და რუსეთის საჰაერო ძალებმა 4 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
„ღამით, კიევის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.