თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებამ გასულ კვირას სტამბოლის ეკლესიაში წირვის დროს მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი 25 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის სროლის დროს ეკლესიაში მყოფი ორი შეიარაღებული პირიც იყო. თუნჩის თქმით, ეჭვმიტანილები სავარაუდოდ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან კავშირში. თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, 25 ეჭვმიტანილს ბრალი უკანონო ორგანიზაციის წევრობასა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში წაუყენეს. მანვე აღნიშნა, რომ კიდევ ცხრა ეჭვმიტანილი სასამართლო პროცესამდე გაათავისუფლეს. შეგახსენებთ, 28 იანვარს სტამბოლში, სარიერის რაიონში, სანტა მარიას ეკლესიას თავს შეიარაღებული პირები დაესხნენ, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.