სომხეთი, სამხედრო თანამშრომლობისთვის ახალ პარტნიორებს ეძებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, წარსულში თავდაცვის სფეროში სომხეთის პარტნიორობის 95%-ს რუსეთთან თანამშრომლობა წარმოადგენდა. ფაშინიანი აღნიშნავს, რომ რუსეთთან ამ ინტენსივობით თანამშრომლობის გაგრძელება აღარ შეიძლება. მისივე თქმით, 2022 წლის იანვარში სომხეთის მთავრობამ რუსეთთან ერთად ჯარის რეფორმის კონცეფცია მოამზადა. აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებამ კი აჩვენა, რომ ამ კონცეფციით წინსვლა შეუძლებელია. ფაშინიანმა პირობა დადო, რომ მსგავსი დოკუმენტი წლის ბოლომდე მიიღება.