ღაზას სექტორის დაბომბვის შედეგად, ბელგიის განვითარების სააგენტოს, „ენაბელის“ ოფისები განადგურდა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაჯა ლაბიბმა სოციალურ ქსელში განადგურებული შენობის ფოტოები გაავრცელა და განაცხადა, რომ მიუღებელია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა. მისივე თქმით, ბელგიის განვითარების თანამშრომლობის მინისტრი, კაროლინ გენესი ისრაელის ელჩს უწყებაში დაიბარებს. ისრაელს კი ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშნულ განცხადებაზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაუვრცელებია. „ენაბელის“ ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ მათი უმთავრესი მისიაა მდგრადი საერთაშორისო განვითარების ხელშეწყობა.