თურქეთის ქალაქ სტამბოლის მახლობლად მდებარე Proctor & Gamble-ის ქარხანაში მძევლად აყვანილი შვიდი თანამშრომელი სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს, - ინფორმაციას BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი გუბერნატორის, სედარ იავუზის თქმით, მძევლები არ დაშავებულან.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია და საგამოძიებო ღონისძიებები დაწყებულია.
შეიარაღებულმა პირმა გებზეში მდებარე ქარხნის თანამშრომლები მძევლად ღაზაში მიმდინარე ომის პროტესტის ნიშნად გუშინ აიყვანა. მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ეჭვმიტანილს შავ-თეთრი არაბული თავსაბურავი აქვს, რომელიც მის სახეს ფარავს და ხელში იარაღი უჭირავს. იგი კედელთან დგას, რომელზეც თურქეთისა და პალესტინის დროშებია გამოსახული წარწერით - „ჭიშკარი გაიღება. ან მუსალა [სალოცავი ადგილი] ან სიკვდილი”.