სომხეთი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურად შეუერთდა. სომხეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაწევრიანება სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, მის მიწაზე სამხედრო დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები აღკვეთოს. დასავლური მედია წერს, რომ სხვა საკითხებთან ერთად, ეს ნაბიჯი იმასაც ნიშნავს, რომ სომხეთს შეუძლია დააკავოს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, თუ ის ქვეყანაში ჩავა. უკრაინის რეგიონებიდან ათასობით ბავშვის დეპორტაციის ბრალდებით, ჰააგის სასამართლომ, 2023 წლის მარტში, პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. რუსეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას და, შესაბამისად, მის გადაწყვეტილებებს არ ცნობს.