თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა და შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად.
„საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე 9 თვეა დარჩენილი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივიდან, არსებითად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად და სამართლიანად. ეს ეხება არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არამედ, არჩევნების დღეს, არამედ ასევე მთელს საარჩევნო კამპანიას, რომელიც ნელ-ნელა იწყება. რა თქმა უნდა, საარჩევნო მონიტორინგი იქნება აბსოლუტურად აუცილებელი“, - აღნიშნა ელჩმა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ელოდება, რომ საქართველოს მთავრობა მოიწვევს ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს.
„ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა მოიწვევს ეუთო/ოდირის გრძელვადიან დამკვირვებლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ევროკავშირი მხარს ვუჭერთ რეპუტაციის მქონე, პატივსაცემ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ამომრჩეველთა განათლებასა და არჩევნების მონიტორინგში, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროცესის უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარება. ნამდვილად მოხარული ვარ, რომ ჩვენ, ევროკავშირი, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვიწყებთ ღონისძიებას დღეს, რომელიც მხარს უჭერენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას კამპანიას იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ამომრჩევლების განათლება, მივაწოდოთ ცოდნა მათი უფლებების შესახებ და იმისთვის, რომ განვახორციელოთ საარჩევნო კამპანიის მონიტორინგი. მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია იმ 9 ნაბიჯიდან, რომელიც ევროკომისიამ განსაზღვრა და შეთანხმებულია ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ელჩმა.