ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის, - ასე მიესალმა „ქართული ოცნების“ ახალარჩეული თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, მმართველი პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნების“ წევრებს.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა მისთვის დიდი პატივია.
„ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ უდიდესი ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევა. 2011 წელს, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის დაფუძნებით შექმნა სახალხო პროცესი, რომელმაც შეძლო ის, რაც მანამდე შეუძლებელი იყო - დემოკრატიულად, არჩევნების გზით დაამარცხა ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ქართველი ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ჩვენი ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს. ბოლო 12 წელში, მთელს მსოფლიოში, უდიდესი გამოწვევების, პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰუმანიტარული კრიზისების პირობებში, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა, არამედ არსებითი ტრანსფორმაცია განიცადა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, ეკონომიკური განვითარების, სოციალური თანასწორობის, ევროინტეგრაციის მიმართულებებით. კიდევ ერთხელ მსურს საზოგადოებას შევახსენო ვითარება, რომელიც ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ 2012 წელს ქვეყანაში დახვდა. ეს იყო ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებები, ბიზნესის რეკეტი, პატიმრების წამება, უმუშევრობის მაღალი დონე, სოციალური სიდუხჭირე, ოკუპირებული ტერიტორიები, სრული განუკითხაობა და ქაოსი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.