თბილისის მერია ნარიყალას ციხის რეაბილიტაციას იწყებს. თბილისის განვითარების ფონდმა ამასთან დაკავშირებით ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი 2-წლიანია და რეაბილიტაცია 2025 წელს დასრულდება. ჯამში სამუშაოები 13 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ტენდერში წინადადებების მიღება 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება. დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ პრეტენდენტმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 18 თვეში უნდა დაასრულოს. ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის დაწყებაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განცხადება გასული წლის მიწურულს გააკეთა. როგორც მაშინ კალაძემ თქვა, „პროექტი მოიცავს როგორც გარე პერიმეტრის ძირითადი კედლის საყრდენების რეაბილიტაციას, ისე შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს. ითქვა ისიც, რომ რეაბილიტაციის პროცესში ნარიყალას ციხე ვიზიტორებისთვის სრულად არ დაიხურება. ციხის ტერიტორიაზე გადაადგილება მოსახლეობისთვის მხოლოდ საფრთხის შემცველი სამუშაოების დროს შეიზღუდება.