* ბერნარ არნო -
ფრანგი ბიზნესმენი და მილიარდერი ბერნარ არნო, რომელსაც ხშირად „ტერმინატორს“ ან მგელს უწოდებენ „ქაშმირის პალტოში“, პუბლიკამ პირველ რიგში ფუფუნების საგნებისა და ლაქშერის კლასის ნივთების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის LVMH-ის გენერალური დირექტორის რანგში გაიცნო.
მართალია, გასული წლის აპრილის თვეში არნომ ილონ მასკი „ჩააჩოჩა“ Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების ნუსხაში და პლანეტის ყველაზე შეძლებული ბიზნესმენი გახდა, მაგრამ ერთ თვეში მასკმა ისევ უკან დაიბრუნა ლიდერობა, „ფრანგმა ტერმინატორმა“ კი, მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
* პირველი გამოცდილება -
ბერნარ არნო 1949 წლის 5 მარტს დაიბადა საფრანგეთის ჩრდილოეთში, პატარა ქალაქ რუბეში. მისი მამა - ჟან ლეონ არნო სიმამრის დაფუძნებულ მსხვილ სამშენებლო კომპანიას Ferret-Savinel-ს ხელმძღვანელობდა, დედა - მარი ჟოზეფ სავინელი კი, წარმატებული პიანისტი იყო, რომელმაც შვილს ჯერ კლასიკური მუსიკა შეაყვარა, მერე ფორტეპიანოზე დაკვრა ასწავლა.
საინჟინრო საქმე არნომ საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში École Polytechnique-ში შეისწავლა. მართალია, უმაღლესი სკოლის დასრულების შემდეგ ბერნარმა რიგით თანამშრომლად დაიწყო მუშაობა მამის სამშენებლო კომპანიაში, მაგრამ შვიდ წელიწადში არა უბრალოდ დაწინაურდა, არამედ ხელმძღვანელობაც საკუთარ თავზე აიღო.
* ამერიკული ბიზნესი -
1976 წელს ბერნარმა კომპანიის სამშენებლო განყოფილების ლიკვიდაციისა და მიღებული თანხის ბევრად შემოსავლიან ბიზნესში დაბანდების აუცილებლობაში დაარწმუნა მამა და არც შეცდა, რადგან განყოფილების გაუქმებამ მთელი 40 მილიონი ფრანკით გაზარდა ოჯახის შემოსავალი. 1979 წელს ბერნარმა სახელი შეუცვალა ოჯახურ კომპანიას და უკვე Férinel Inc-ის განახლებული ბრენდით შეუდგა უძრავი ქონების შეძენას.
1981 წელს, როცა საფრანგეთის მართვა სოციალისტებმა ჩაიბარეს, არასახარბიელო პოლიტიკურმა სიტუაციამ არნოს ოჯახს ამერიკაში გადაბარგება აიძულა. თუმცა, მარიფათიანი ბერნარი, რომელსაც ბიზნესის კეთების იშვიათი ალღო ჰქონდა, არც უცხო ქვეყანაში დაიკარგა და ჯერ კონდომინიუმების მშენებლობა განავითარა პალმ-ბიჩსა და ფლორიდაში, მერე უძრავი ქონებით ვაჭრობის ოჯახური კომპანიის ფილიალი გახსნა. ამერიკაში გაიცნო ფრანგმა ბიზნესმენმა დონალდ ტრამპიც, რომელიც იმ პერიოდში სწორედ უძრავი ქონების სფეროში საქმიანობდა.
* საფრანგეთში დაბრუნება -
აღსანიშნავია, რომ სწორედ შეერთებულ შტატებში ცხოვრებისას გადაწყვიტა არნოს Dior-ის მოდის სახლის შეძენა. ლეგენდის თანახმად, გადაწყვეტილების მიღებაზე ბერნარს ტაქსის მძღოლმა უბიძგა, რომელსაც არც საფრანგეთზე ჰქონდა წარმოდგენა, არც მის პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ სიტუაციაზე, თუმცა შესანიშნავად იცნობდა Dior-ის ბრენდს და მის პროდუქციას.
1983 წელს, როცა ფრანგი სოციალისტები ქვეყნის მართვის ახალ სტილზე გადავიდნენ და კონსერვატორული ეკონომიკის კურსი აირჩიეს, არნოს ოჯახმა სამშობლოში გადაწყვიტა დაბრუნება, მით უფრო, რომ მთავრობა აქტიურად ეძებდა გაბედულ მეწარმეებს, ვინც გაკოტრებული ტექსტილის კომპანიის Boussac-ის მმართველობას ჩაიბარებდა. სხვათა შორის, სწორედ უმსხვილესი კომპანიის შემადგენლობაში შედიოდა Christian Dior-ის მოდის სახლიც, რომლის ხელში ჩაგდებას ბერნარი ნატრობდა.
გავრცელებული ვერსიის თანახმად, არნომ, რომელსაც მხოლოდ 15 მილიონი დოლარი ჰქონდა, ფინანსური დახმარების თხოვნით საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი ბანკის Lazard Frères and Co-ს მმართველს ანტუან ბერნჰეიმერს მიმართა, რომელიც 80 მილიონი დოლარის მოგროვებასა და მთავრობასთან გარიგების გაფორმებაში დაეხმარა, თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომლის თანახმად, ბერნარმა მხოლოდ სიმბოლური ერთი დოლარი გადაიხადა აუქციონზე გამოტანილი კომპანიის შესაძენად.
სასურველ Dior-თან ერთად არნომ უნივერმაღი Bon Marche-ც მიიღო შეძენილი კომპანიის შემადგენლობაში, რომლითაც არასდროს ინტერესდებოდა, ამიტომ რეორგანიზაცია წამოიწყო და კომპანიისთვის ახალი სახელის - Financiere Agache შერჩევის შემდეგ, საგრძნობად შეამცირა მისი აქტივები.
მართალია თავიდან ბიზნესმენმა წარმოების აღდგენის და სამუშაო ადგილების შენარჩუნების პირობა დადო, მაგრამ გაკოტრებული Boussac-ის შეძენის შემდეგ მისი დიდი ნაწილი გაყიდა და 9 ათასზე მეტი თანამშრომელი დაითხოვა, 500 მილიონი დოლარი კი, თვითონ მიისაკუთრა, რითაც ფრანგების უკმაყოფილება დაიმსახურა. საზოგადოება იმ „ზღვარგადასულმა თავხედობამ“ აღაშფოთა, რომელიც ბიზნესის წარმოების ამერიკულ მოდელს უფრო ერგებოდა, ვიდრე რბილ და მოქნილ ევროპულ სტილს. სწორედ აგრესიული ბიზნეს-პოლიტიკის გამო დაიმსახურა არნომ პრესისგან ‘’ტერმინატორისა“ და „ქაშმირის პალტოიანი მგლის“ ზედმეტსახელი.
* უმსხვილესი კომპანია LVMH -
1987 წელს არნო ინვესტორად და მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ მიიწვიეს ანრი რაკამიეს კუთვნილ კომპანიაში LVMH-ში, სადაც სამი წლის შემდეგ Louis Vuitton-ის მოდის სახლის შამპანურისა და კონიაკის ცნობილ მწარმოებელთან Moët Hennessy-სთან შერწყმით, ბერნარმა კომპანიის საკონტროლო აქციების პაკეტი ჩაიგდო ხელში და საკუთარი ბიზნესიდან გააძევა რაკამიე.
როგორც თავად უწოდა, „ათვისებისა და შერწყმის“ სტრატეგია გამოიყენა არნომ სხვა კომპანიებშიც, რადგან სწორედ წარმოებაში მსხვილი ინვესტიციის ჩადებითა და ყოფილი მფლობელის ჩამოშორებით მიისაკუთრა მათი კომპანიები. რამდენიმე წელიწადში LVMH-ში Christian Lacroix, Givenchy და Kenzo, ტყავისა და საგალანტერეო ნივთების მწარმოებელი Loewe და Céline, კოსმეტიკის მაღაზია Sephora და 70-მდე სხვა ცნობილი ბრენდი გაერთიანდა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ბიზნესის წარმოების ხისტი მეთოდის გამო კონკურენტებმა არნოს მტაცებელი უწოდეს, „რომელმაც სხვისი საკუთრების ნგრევით ააშენა საკუთარი იმპერია“.
* მარცხი Gucci-თან -
1999 წელს „მტაცებელი არნო“ იტალიური Gucci-ით დაინტერესდა, რომელსაც იმ პერიოდში ტომ ფორდი და დომენიკო დე სოლე ხელმძღვანელობდნენ, თუმცა, უარი თქვა ჩვეულ სტრატეგიაზე და ფრთხილად, ეტაპობრივად შეუდგა ცნობილი ბრენდის მისაკუთრებას - ჯერ აქციების 5 პროცენტი მიითვისა, მერე კი, 34 პროცენტამდე გაზარდა საკუთარი აქტივები, თუმცა იტალიელები აღმოჩნდნენ წინააღმდეგი, რომელთაც ბოლომდე გადაწყვიტეს კუთვნილი ბრენდის დაცვა.
იტალიური მხარის მიერ ინიციირებული სასამართლო პროცესი 2001 წლამდე გაგრძელდა. დაპირისპირებას, რომელსაც New York Post-მა „მოდის სამყაროში სისხლისმღვრელი ომი“ უწოდა, მართლაც უპრეცედენტო აღმოჩნდა. საბოლოოდ LVMH-ს უკან მოუწია დახევა, კორპორაციამ კუთვნილი აქციები გაყიდა და 700 მილიონის მიღების შემდეგ უარი თქვა ომის გაგრძელებაზე.
თუმცა, არნომ მაინც გააგრძელა პრემიუმ კლასის ბრენდების შეძენა. 2003 წლეს იტალიური Fendi იყიდა, 2010-ში კი, საკულტო ფრანგულ უნივერმაღს La Samaritaine-ს დაადგა თვალი და მალე ისიც ხელში ჩაიგდო, ერთი წლის შემდეგ იტალიურ საიუველირო ბრენდს Bulgari-ს დაეპატრონა, რამდენიმე წლის წინ კი, უძველესი ამერიკული საიუველირო კომპანია Tiffany & Co-ც მიათვალა საკუთარ აქტივებს.
* მუზეუმი Fondation Louis Vuitton -
2014 წელს საფრანგეთის უმდიდრესმა ადამიანმა, რომელიც რამდენიმე წლით ადრე საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოთი - საპატიო ლეგიონის კავალრის ორდენით დაჯილდოვდა, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი Fondation Louis Vuitton გახსნა, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა ფრენკ ჰერიმ დააპროექტა მისი დაკვეთით. უზარმაზარმა სივრცემ 11 გალერეა და საკონცერტო დარბაზი გააერთიანა, ფონდის მუდმივმა ექსპოზიციამ კი, მე-20 და 21-ე საუკუნის ფერწერულ ტილოებს მოუყარა თავი, რომელთა დიდი ნაწილი თავად ხელოვნების მოყვარული არნოს საკუთრება აღმოჩნდა.
* პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი -
გასული წლის აპრილში არნომ ილონ მასკი დაჯაბნა და პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდა. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 211 მილიარდ დოლარად შეაფასა, მაშინ როცა Tesla-ს დამფუძნებლის კაპიტალმა მხოლოდ 180 მილიარდს მიაღწია და რეიტინგის მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა. თუმცა არნო არა მხოლოდ დიდ ფულს შოულობს, არამედ ბევრსაც ხარჯავს. იმავე Forbes-ის ინფორმაციით, ბიზნესმენი უძრავ ქონებას ფლობს პარიზისა და ლოს-ანჯელესის ელიტურ რაიონებში, რომლის ღირებულება არ ხმაურდება, მისი საკუთრებაა ბაჰამის კუნძულების ერთ-ერთი კუნძულიც, რომლის საერთო ფართი 135 აკრს შეადგენს.
* ჯაშუშობა -
2021 წელს საფრანგეთის სასამართლომ LVMH-ს ჯარიმის - 10 მილიონი ევროს გადახდა აიძულა ჯაშუშობაში ბრალდების დასარეგულირებლად. როგორც აღმოჩნდა, არნომ საფრანგეთის შიდა დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი დაიქირავა კერძო პირების, პირველ რიგში ჟურნალისტ ფრანსუა რუფინის სათვალთვალოდ, რომელმაც ფილმი „მადლობა, ბოსს!“ გადაიღო, არნო კი, საფრანგეთის მშრომელთა კლასის გამღატაკებელ უგულო მაგნატად ასახა.
* მოტყუებული მომხმარებელი -
2017 წელს ჟურნალმა The Guardian-მა სენსაციური სტატია მოამზადა, რომელშიც მკითხველს Louis Vuitton-ის ფეხსაცმლის წარმოების საოცარ დეტალებზე მოუთხრო. როგორც აღმოჩნდა, ბრენდული ფეხსაცმელი, რომელიც საშუალოდ 600 დოლარი ღირს, არა იტალიაში, არამედ რუმინულ ტრანსილვანიაში - ვამპირული ლეგენდებით განთქმულ, თუმცა ფეხსაცმლის წარმოებაში ნაკლებად დახელოვნებულ რეგიონში იკერება.
მკაცრად აღმოჩნდა დაცული და გასაიდუმლოებული ბრენდის ფაბრიკები და მოსამსახურე პერსონალი. მართალია, საფრანგეთის ტელევიზიამ გავრცელებული ხმების გადამოწმება და სიუჟეტის მომზადება სცადა, მაგრამ გადამღებმა ჯგუფმა ვერ შეძლო ფაბრიკის ტერიტორიაზე შეღწევა, თუმცა ანონიმი თანამშრომლისგან მაინც შეიტყო, რომ სინამდვილეში, ბრენდის ფეხსაცმელი რუმინეთში იკერება და მხოლოდ შემდეგ იგზავნება იტალიაში ძირის მისაკრავად წარწერით Made in Italy.
* ოჯახი -
1973 წელს არნომ ანა დევავრინთან იქორწინა, თუმცა 13-წლიანი თანაცხოვრებისა და ორი შვილის შეძენის შემდეგ მეუღლესთან განქორწინება მოინდომა. ერთი წლის შემდეგ ფრანგმა მილიარდერმა კანადელ პიანისტზე ელენ მერსიეზე იქორწინა, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს. არნოს ოჯახი პარიზში, ისტორიულ კვარტალში ცხოვრობს.
ბიზნესმენის ხუთივე მემკვიდრე LVMH-ში მუშაობს. 2022 წელს არნომ სერიოზული რეორგანიზაცია განახორციელა კომპანიაში, რათა თანაბარი წილებით უზრუნველყო შვილები. აღსანიშნავია, რომ ფრანგი მილიარდერის ოჯახი ერთ-ერთ უმდიდრეს დინასტიად ითვლება მსოფლიოში, რადგან არა მხოლოდ უფროს არნოს, არამედ მის შვილებსაც უზარმაზარი შემოსავალი აქვთ.
* კოლექცია -
მდიდარი ფერწერული ტილოების მფლობელი არნოს კოლექციაში მეტწილად მოდერნისტი მხატვრების - პაბლო პიკასოს, ენდი უორჰალის, ჟან-მიშელ ბასკიას, მაურიციო კატელანის და დემიენ ჰერსტის ნამუშევრებია თავმოყრილი.
ბიზნესმენის განცხადებით პირველი მსხვილი შენაძენი 19 წლის ასაკში განახორციელა აუქციონზე, როცა კლოდ მონეს „ჩარინგ-კროსის ხიდი“ შეიძინა, „ერთადერთი ვიყავი, ვინც ნახატზე დადო ფსონი, ამიტომ ძალიან იაფად, პრაქტიკულად უფასოდ შევძელი მისი შეძენა“, - სიამაყით აღნიშნა არნომ ერთ-ერთ ინტერვიუში.
* ჩოგბურთი -
ბიზნესმენი ჩოგბურთის თავგამოდებული თაყვანისმცემელია. სწორედ სპორტის საყვარელი სახეობა ეხმარება 74 წლის ასაკში ბრწყინვალე ფორმის შენარჩუნებაში. არნო ხშირად სტუმრობს ჩოგბურთის პრესტიჟულ ტურნირებს. მეტიც, 2002 წელს საფრანგეთის ღია პირველობაზე საკუთარ კერპთან როჯერ ფედერერთანაც კი გამართა მატჩი, თუმცა მსხვილი ანგარიშით - 6:0-ით დამარცხდა.