* Bee Gees –
ალბათ, 1958 წელს, როცა ძმებმა ბარი, რობი და მორის გიბებმა ოჯახური ჯგუფის Bee Gees-ის შექმნა გადაწყვიტეს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ორი ათეული წლის შემდეგ მათი მუსიკა მთელ მსოფლიოს ააცეკვებდა, ალბომები კი, მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდებოდა.
ავსტრალიურ-ბრიტანულმა ჯგუფმა, რომელმაც ფილმისთვის „შაბათის ღამის ციებ-ცხელებისთვის“ შექმნილი საუნდთრეკის წყალობით მოიპოვა პოპულარობა, მართლაც წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია, რადგან მრავალრიცხოვან პრიზებთან ერთად ჯერ ჰოლივუდის „დიდების ხეივანში“ მიიღო კუთვნილი ვარსკვლავი, მერე როკ’ენ’როლის დიდების დარბაზში მოხვდა და მუსიკალური ინდუსტრიის ნამდვილ ლეგენდად იქცა.
* * *
ძმებში უფროსი ბარი 1946 წლის პირველ სექტემბერს, ტყუპები მორისი და რობინ გიბები კი, 1949 წლის 22 დეკემბერს დაიბადნენ ბრიტანეთის კუთვნილი კუნძულის მენის ქალაქ დუგლასში. ბიჭების დედა - ელენა ნორდმანი მოყვარული პიანისტი იყო, მამა - ჰიუ გიბი კი, ადგილობრივ ჯაზ-ბენდში უკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტზე. როგორც ჩანს, შვილებმა სწორედ მშობლებისგან მიიღეს მემკვიდრეობით მუსიკალური ნიჭი.
პირველად პუბლიკის წინაშე გიბები 1955 წელს წარსდგნენ ინგლისში, მანჩესტერის გარეუბანში ჩარლტონ-კუმ-ჰარდში მოწყობილ იმპროვიზირებულ კონცერტზე, თუმცა იმ პერიოდში ჯგუფს Rattlesnakes ერქვა და სოლიდური ანსამბლი უფრო იყო, რადგან ახლად შექმნილ კოლექტივში ძმებთან ერთად მათი მეგობრებიც მუზიცირებდნენ.
მორიგი გამოსვლა მოაწყვეს ძმებმა რამდენიმე თვის შემდეგ მანჩესტერის კინოთეატრშიც, სადაც კონცერტის გამართვა ფონოგრამით იგეგმებოდა, თუმცა სწორედ სცენაზე გამოსვლის წინ დაზიანდა აპარატურა, რომლის შეკეთება შეუძლებელი აღმოჩნდა. მართალია, ახალბედა მუსიკოსებს ცოცხლად მოუწიათ გამოსვლა, მაგრამ კონცერტმა ბრწყინვალედ ჩაიარა და პუბლიკის მოწონებაც დაიმსახურა, რამაც ძმებს მუსიკალური კარიერის გაგრძელება გადააწყვეტინა.
* * *
1958 წელს გიბები ავსტრალიაში გადაბარგდნენ და ბრისბენში დასახლდნენ. სწორედ იქ ჩამოაყალიბეს მოზარდმა ძმებმა ჯგუფი საბოლოოდ, რაშიც ადგილობრივი რადიოს დიჯეი ბილი გეიტსიც დაეხმარა. გეიტსმა შემთხვევით მოისმინა ახალგაზრდების გამოსვლა და ჯერ რადიოში მიიწვია, მერე სახელი შეუცვალა ჯგუფს და Bee Gees დაარქვა, რაც Brothers Gibb-ის შემოკლებულ ვარიანტს ნიშნავდა.
Bee Gees-ის დებიუტი 1960 წელს შედგა პოპულარულ ავსტრალიურ ტელეშოუში, რასაც საზაფხულო გასტროლები მოჰყვა ქვინსლენდის კურორტებზე. ერთ-ერთი გამოსვლის დროს ძმებმა ბიზნესმენი კოლ ჯოი გაიცნეს, რომელიც ისე მოიხიბლა ძმების მუსიკალური ნიჭით, რომ არა მხოლოდ სტუდია დაუქირავა, არამედ პირველი ალბომის The Bee Gees Sing And Play 14 Barry Gibb Songs-ის ჩაწერაც სრულად დააფინანსა. 1965 წელს გამოსულ სადებიუტო ალბომს, მალე პირველი ნამდვილი ჰიტი Spicks And Specks მოჰყვა პროდიუსერის ოზი ბირნომის ხელშეწყობით, რომელმაც მუსიკოსებს სენტ-კლერის სტუდია დაუთმო და ექსპერიმენტების თამამად ჩატარების უფლება მისცა.
* * *
1967 წელს, როცა ავსტრალიაში შეუძლებელი აღმოჩნდა განვითარება, გიბებმა ბრიტანეთში გადაწყვიტეს გაემგზავრა, სადაც პირველი ევროპული სინგლი New York Mining Disaster 1941 ჩაწერეს. კომპოზიცია ჯერ ბრიტანული, მერე ამერიკული ჩარტის ოცეულში მოხვდა და ჯგუფს ალბომის Bee Gees 1st-ის გამშვებისკენ უბიძგა, რომელმაც ძმებს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა მეორე ალბომიც Horizontal, მით უფრო, რომ კომპოზიციებმა სრულიად ახალი - როკის ჟღერადობა შეიძინეს.
პირველი ევროპული ტურნეს შემდეგ, რომელიც 1968 წელს მოეწყო გერმანიასა და შვეიცარიაში, Bee Gees ლონდონში, სამეფო ალბერტ-ჰოლში წარსდგა პუბლიკის წინაშე, ერთი წლის შემდეგ კი, ძმებმა ორმაგი ალბომი Odessa გამოუშვეს, რომელიც კრიტიკოსების აზრით საუკეთესო აღმოჩნდა მათ შემოქმედებაში.
* * *
მართალია, 1970 წლის დასაწყისში ძმებმა დამოუკიდებლად მუშაობა და სოლო კარიერის გაკეთება გადაწყვიტეს, რის გამოც ბევრმა ჩათვალა, რომ ჯგუფი დაიშალა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ისევ შეიკრიბნენ და თრეკი How Can You Mend A Broken Heart ჩაწერეს. კომპოზიციამ მოულოდნელი პოპულარობა მოიპოვა და ჯგუფის პირველი ნამუშევარი გახდა, რომელმაც ამერიკულ ჩარტში მოიპოვა გამარჯვება.
სინგლებისა და ალბომების წარმატების მიუხედავად 1973 წელს საგრძნობლად შემცირდა Bee Gees-ის პოპულარობა, რამაც ძმებს შემოქმედებითი ძიებისა და ექსპერიმენტებისკენ უბიძგა. რამდენიმე კომპოზიცია გიბებმა სოულისა და R&B-ის სტილში ჩაწერეს, მერე კი, ელექტრონული დისკოს ჟღერადობა მოსინჯეს და ფლორიდაში ალბომი Main Course გამოუშვეს, რომელმაც არა უბრალოდ პოპულარობა დაიბრუნა ძმებს, არამედ ერთგვარ გარდამტეხად იქცა მათ კარიერაში.
სწორედ ბოლო ალბომით წახალისებულმა გადაწყვიტა Bee Gees-მა ფილმის „შაბათის ღამის ციებ-ცხელების“ საუნდთრეკზე მუშაობა, რომელმაც მილიონობით მელომანის მოწონება დაიმსახურა. არნახული წარმატება მოიპოვა ალბომის შვიდმა სიმღერამ, მათ შორის დღეს უკვე კლასიკად ქცეულმა How Deep Is Your Love, Stayin' Alive და Night Fever, რადგან ლიდერის პოზიციით დაწინაურებულებმა მთელი 27 კვირა შეინარჩუნეს პირველობა ამერიკულ ჩარტში, თავად ალბომი Saturday Night Fever კი, რომლის გარეკანი ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა ჯონ ტრავოლტამ დაამშვენა, ჯერ „გრემის“ ხუთი პრემიით დაჯილდოვდა წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციის ჩათვლით, მერე ჯგუფის ყველაზე გაყიდვადი ნაკრები გახდა და მსოფლიოს ყველაზე წარმატებული საუნდთრეკების ხუთეულში შევიდა.