ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას GLSDB ბომბები გადასცა, რომელიც უკვე უკრაინელი სამხედროებისთვის ფრონტზე გაიგზავნა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონი აგრძელებს კიევისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების აღმოჩენას.
„ეს მოიცავს ახალ ინვესტიციებს და შეიარაღების ახალ სისტემებს, როგორიცაა მსუბუქი, მცირე დიამეტრის ბომბები, რომელიც უკვე მიემართება ფრონტზე, ასევე მხარდაჭერა უკრაინის და ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის აღსადგენად, რათა უზრუნველვყოთ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა მათთან, ვისაც სურს, სხვისი თავისუფლება მოიპაროს “, - აღნიშნა ნულანდმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა იმ ტერიტორიების 50%-ის დეოკუპაცია მოახდინეს, რომლის დაკავებაც რუსებმა სცადეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა შავი ზღვის ფლოტსა და რუსეთის სახმელეთო ძალებს.