სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელი ბინისა და ავტოფარეხის ჩხრეკა ჩაატარა. გამოძიებით დგინდება, რომ დროის გარკვეული ინტერვალით, კონკრეტული პირის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, სხვადასხვა უწყებაში გაიგზავნა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინებები, რაც შესაძლო აფეთქებებთან იყო დაკავშირებული. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ტელეკომპანია „იმედის“ ოფიციალურ მეილზე აღნიშნულმა მომხმარებელმა ტერორისტული შინაარსის მუქარის შემცველი შეტყობინება გაგზავნა. ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბ „ბასიანი“, ერთ-ერთ ბარში და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენზე, მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომობილი ასაფეთქებელი მოწყობილობები იყო დამონტაჟებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ბექა ვარდოსანიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოიკითხება.