თბილისის მერიაში განმარტავენ, რას გულისხმობს ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შექმნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის შემოღება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.
„ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
საზოგადოებრივი ტრანსპორტის და გადაუდებელი დახმარების ტრანსპორტის პრიორიტეტიზაციას გზაჯვარედინებზე;
ე.წ. ჭკვიან შუქნიშნებს, რომელიც ქალაქში არსებული ერთიანი ინფორმაციის მეშვეობით, დაადგენს პრიორიტეტულ მწვანე დერეფნებს და შეამცირებს დაყოვნების დროებს;
ე.წ. ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა აგრეთვე მოიცავს რეალურ დროში საგზაო ინციდენტების აღმოჩენას; დინამიური ტაბლოების მონტაჟს ქალაქის მასშტაბით; რეალურ დროში ქალაქში მიმდინარე პროცესების კიდევ უფრო ეფექტურ მართვას.
რაც შეეხება საავტობუსო დერეფნების განვითარებას, ის მოიცავს ისეთ კომპონენტებს როგორიცაა: მწვანე დერეფნების შექმნა, სადაც აქცენტია გაკეთებული ინკლუზიურ გარემოზე, კეთილმოწყობა, ველობილიკების და საავტობუსო ხაზების განვითარება. ასე მოიცავს, საავტობუსო დერეფნების განვითარებას, სადაც აქცენტი გაკეთდება სწრაფ და უსაფრთხო მგზავრთა გადაყვანაზე”, - აღნიშნავენ მერიაში.