ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ ომის დასრულების შემდეგ ისრაელი ღაზის სექტორზე სამხედრო კონტროლს შეინარჩუნებს. იოავ გალანტმა აღნიშნა, რომ დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში მდებარე საავადმყოფოში ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული სპეცოპერაცია, როდესაც ისრაელის ჯარისკაცებმა „ჰამასის“ სამი მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს, სამხედრო მოქმედების თავისუფლების მაგალითია. პარალელურად კი, “ჰამასი“ აცხადებს, რომ არანაირ შეთანხმებას არ მიიღებს, რომელიც ომის დასრულებას და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების გაყვანას არ ითვალისწინებს. დაჯგუფების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანამ რაიმე შეთანხმება მოხდება, ისრაელმა აგრესია უნდა შეწყვიტოს და ღაზა დატოვოს.