ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს.
„ნამდვილად არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მან გაიმარჯვოს. ჩვენი უსაფრთხოება სასწორზე დგას. თუ პუტინის სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, ეს გაამხნევებს რუსეთს და სხვა ავტოკრატიებს, განახორციელონ თავიანთი იმპერიალისტური მიზნები. ჩვენ ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან ისეთი მსოფლიოს შექმნა, სადაც ძლიერი ქვეყნები ცვლიან საზღვრებს ისე, როგორც მათ სურთ და სუსტებს ძლიერები ჩაგრავენ. რუსეთის აგრესიის წინაშე უკრაინის გამარჯვება ევროპის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა. რუსეთი შეამცირებს ზეწოლას თავის მეზობლებზე, ევროკავშირში გაწევრიანებისკენ უკრაინის გზას უფრო მსუბუქს გახდის და საშუალებას მისცემს ევროპასა და მსოფლიოს თავიანთი ყურადღება სხვა გამოწვევებზე მიაპყრონ. ჩვენი დახმარებით, უკრაინას შეუძლია რუსეთის იმპერიული ამბიციები ისტორიის ნაგავსაყრელზე გაგზავნოს. ეს არის ის, რაც უნდა ხელმძღვანელობდეს ჩვენს ქმედებებსა და აზრებს“, - წერს ბორელი ფრანგულ გამოცემა „ლე ნუველ ობსერვატორიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
მისი თქმით, დასავლეთმა უკრაინას, ომის დაწყების შემდეგ, უპრეცედენტო მხარდაჭერა აღმოუჩინა, თუმცა ზოგჯერ, ეს დახმარება ჭიანურდებოდა.
„ხშირად ძალიან ნელა ვმოქმედებდით უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში, ხშირად მხოლოდ მაშინ ვიღებდით გადაწყვეტილებას გვემოქმედა, როდესაც რუსეთი უპირატესობის მოპოვებით იმუქრებოდა. ეს ყოყმანი მრავალი ადამიანის სიცოცხლის ფასი დაჯდა. ჩვენ უნდა შევცვალოთ უკრაინის მხარდაჭერის პარადიგმა: „უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“ უნდა შევცვალოთ შემდეგი სიტყვებით: „უნდა დავეხმაროთ უკრაინას, რაც არ უნდა დასჭირდეს ამას“. ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას მისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად საჭირო საშუალებები, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და სხვა მოწინავე იარაღის სისტემები. ჩვენ ასევე უნდა გავაძლიეროთ უკრაინის საჰაერო თავდაცვა“, - წერს ბორელი.